- უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო;
- მან პრიზის მიღებისას განაცხადა, რომ ჯილდოს უძღვნის თბილისის 2024 წლის პროევროპული აქციებისას დაპატიმრებულ მათე დევიძეს, რომელსაც „საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა;
- ფილმი ნაწილობრივ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს.
2026 წლის 19 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში კი რეჟისორი წერს, რომ 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა არ მისცა წარმოების პროცესში მყოფებს.
„მიზეზი დღემდე არ უთქვამთ“, - წერს იგი.
„ფულადი ჯარიმა“
„ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება“, - განაცხადა მან.
„შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ, ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა“, - ამბობს რეჟისორი.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს“, - ასე აფასებს ის კინოცენტრის გადაწყვეტილებას.
„ჯერ ეცადნენ, რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ, ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს“, - წერს უტა ბერია 19 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტში.
ამავე პოსტში ის წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილი და ანდრო ჭიჭინაძე, - 2024 წლის პროევროპული აქციებისას დაკავებული დემონსტრანტები, - „ისევ ციხეში სხედან უსამართლოდ... ამ დროს ინსტიტუციას, რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები, რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს“.
„ხელოვნება ჩვენგან საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნას ითხოვს. სხვანაირად არ გამოდის. ასობით ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, ვერ აკეთებს დღეს თავის საყვარელ საქმეს და როცა ქართული კინო საფრთხეშია, ეს ნიშნავს, რომ საფრთხეშია ყველა ადამიანი, ვინც ამ ხელოვნებას თავი მიუძღვნა“, - წერს იგი.
კინოცენტრის პასუხი
რადიო თავისუფლებამ 20 აგვისტოს კითხვებით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს უტა ბერიას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, - თუმცა კითხვებზე პასუხი არ მიუღია.
მოგვიანებით, 20 აგვისტოსვე კინოცენტრმა გაავრცელა საპასუხო განცხადება, სადაც წერს, ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას „ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი“:
„ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა“, - აცხადებენ კინოცენტრში.
სახელმწიფო უწყების თანახმად, ეს გარემოება კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს „შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით“ აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას, „1991 ფროდაქშენსს“.
„აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე“, - წერია განცხადებაში.
„ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია“, - წერს კინოცენტრი.
20 აგვისტო, 18:00 - ინფორმაცია განახლდა კინოცენტრის მიერ საპასუხო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ
ფორუმი