„ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ გავასაჯაროვო ის სისტემური წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობა, რასაც ეს ბოლო დღეებია უფრო და უფრო მკაფიოდ ვხედავ. სისტემა არის აბსოლუტურად დეჰუმანიზებული, ადამიანების მიზანმიმართულ გატეხვასა და განადგურებაზე ორიენტირებული“, - ეწერა გუშინ, 20 აგვისტოს ზვიად ცეცხლაძის სახელით გავრცელებულ წერილში რამდენიმე საკითხზე იყო ყურადღება გამახვილებული.
სამედიცნო დახმარება
ცეცხლაძე ამბობს, რომ 19 აგვისტოს ოთხკაცზე გათვლილ საკანში შეიყვანეს მეექვსე პატიმარი, რომელსაც ფეხი მოტეხილი ჰქონდა და უყვარჯნობის გამო „ცალ ფეხზე ხტომით შემოვიდა“. მისი თქმით, ამ კაცს „უჭირს ფიზიკურად გადაადგილება, არ შეუძლია დამოუკიდებლად ბანაობა და საპირფარეშოთი ნორმალურად სარგებლობა“:
„როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ვუთხარით, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ შეიძლება კაცის შემოყვანა ციხის კამერაში და ამის ნაცვლად ერბეზე (ციხის საავადმყოფოში) დააწვინონ, გვიპასუხეს, რომ როგორმე თქვენით უნდა მიხედოთო“.
პატიმარი ამბობს, რომ მის თანამესაკნეს მოგვიანებით მიუტანეს მხოლოდ ერთი და დაზიანებული ყავარჯენი, რომლის უკან დაბრუნებაც მოუწია.
პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ პატიმარს „სამედიცინო სერვისი მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად“.
სიბინძურე
სამედიცინო საჭიროების მქონე პატიმარზე ამბის თხრობისას ცეცხლაძე ყურადღებას ამახვილებს ციხეში ანტისანიტარულ მდგომარეობაზე. მისი მონაყოლის მიხედვით, ფეხმოტეხილმა პატიმარმა რამდენჯერმე მოითხოვა „იმიტირებული დასაჯდომი“, რომელიც მას საპირფარეშოში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა.
„მოუტანეს რაღაც ძველი, დაჟანდგული, ლითონის იმიტირებული სკამი საზარელი სუნით, რომელიც ასევე გატეხილი აღმოჩნდა და ყოვლად არაჰიგიენურობასთან ერთად, უსრაგებლოც“.
მისი თქმით, მოუწესრიგებელია საკარანტინე სივრცე, რომელშიც პატიმრებიმრები საკნებში გადაყვანამდე გარკვეულ დროს ატარებენ.
„კედელზე ყველგან ტარაკნები არიან, წვიმისგან კამერაში გუბდება წყალი, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, საშინელ სუნთან ერთად, ვირთხებიც ამოდიან. სუფთა ადგილს ფიზიკურად ვერ იპოვი, რომ ჩამოჯდე და მაშინაც კი, როცა შუქი ანთია - უკუნეთი წყვდიადია“.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ჰიგიენურ ნორმების დაცვისთვის სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლები ჰყავთ. გარდა ამისა, ქირაობენ კომპანიას, რომელიც „მინიმუმ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, სამუშაოებს ატარებს დამატებით, არაგეგმურად“.
„ციხე გადავსებულია“ - „ექიმთან არ გადავყავარ“
პატიმარი ამბობს, რომ ციხე გადავსებულია, რის გამოც საკანში ოთხის ნაცვლად ექვსი პატიმარია, თეთრეული არ ჰყოფნით, დაგვიანებით იღებენ სამედიცინო სერვისებს:
„მესმის, რომ ციხე გადავსებულია და რიგი უფლებებით ამიტომ ვერ ვსარგებლობთ, მაგრამ ვუთხარი, რომ მიუღებელია ადამიანებს ასე მოექცნენ. ასე ცხოველებსაც კი არ ეპყრობიან და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულების მოთმენას არ ვაპირებდით. პასუხად მივიღეთ “ზერელე” ტონი და მუქარა - “შენ ციხე არ გინახავს“.
უწყებაში აცხადებენ, რომ „ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია“.
ციხეში არასაკმარის სამედიცინო მხარდაჭერაზე სხვა პატიმრებსაც უსაუბრიათ. მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა ამ საკითხე ბრიფინგი გამართა და მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანა პენიტენციურმა სამსახურმა კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“.
სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა ნინო დათაშვილსაც, რომელსაც საპატიმროში ყოფნის დროს ზურგისა და წელის ტკივილი დაეწყო.
ფორუმი