Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის იტალიურმა ჰოლდინგმა Leonardo-მ ფილიალი გახსნა უკრაინაში

საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო-სპორტული შეჯიბრი" ველური დრონები". ტრუსკავეცი, 19 მაისი, 2026.
საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო-სპორტული შეჯიბრი" ველური დრონები". ტრუსკავეცი, 19 მაისი, 2026.

იტალიის იარაღის უმსხვილესი მწარმოებელი Leonardo უკრაინაში შვილობილ საწარმოს ხსნის. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ტექნოლოგიები. გარდა ამისა, კომპანია უკრაინაში გამოსცდის თავის ახალ პროექტს - საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კომპლექსურ სისტემა „მიქელანჯელოს გუმბათს“.

შვილობილი კომპანია Leonardo Ukraine უკრაინის სავაჭრო რეესტრში ჯერ კიდევ ამ წლის მაისში დარეგისტრირდა, თუმცა ამის შესახებ ცნობები მხოლოდ ახლა გახდა საჯაროდ ცნობილი, კომპანიის ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. Leonardo Ukraine-ის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 5,13 მილიონ უკრაინულ გრივნას (დაახლოებით 100 ათას ევროს); კომპანია 100%-ით ეკუთვნის ჰოლდინგ Leonardo International-ს.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლორენცო მარიანიმ უკვე არაერთხელ გამოხატა ინტერესი იმ სამხედრო ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან ომის დროს გამოჩნდა. ივლისში ფარნბოროს ავიასალონზე მან განაცხადა: „ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უკრაინასთან. უნარები, რომლებიც მან კონფლიქტის დროს შეიძინა, ჭეშმარიტად გამორჩეულია, მან უპრეცედენტო ოპერატიული გამოცდილება მიიღო“, - მოჰყავს მარიანის სიტყვები იტალიურ საქმიან გაზეთ Milano Finanza-ს. - „წარმატებული პარტნიორობა უნდა მოიცავდეს თანამშრომლობას უკრაინის უპილოტო აპარატების ინდუსტრიასთან“.

„მიქელანჯელოს გუმბათის“ გამოცდების დაწყება 2026 წლის ბოლოსკენ იგეგმება. „მიქელანჯელოს გუმბათი“ საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული მრავალდომენიანი სისტემაა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ იგი ნაწილობრივ სწორედ უკრაინაში ომის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიქმნა. Leonardo-ში განაცხადეს, რომ „გუმბათით“ უკვე სულ მცირე 20 ქვეყანა დაინტერესდა და, კომპანიის გათვლებით, „გუმბათმა“ მას შესაძლოა 2035 წლისთვის დაახლოებით 21 მილიარდი ევროს მოგება მოუტანოს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG