Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გეგმავს გაეროს გადაუხადოს 725 მილიონი დოლარი, დაგროვილი ვალის გამო

ფინანსების დეფიციტის გამო გაერომ დაიწყო ხარჯების მასშტაბური შეკვეცა.
ფინანსების დეფიციტის გამო გაერომ დაიწყო ხარჯების მასშტაბური შეკვეცა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ გაეროსთვის 725 მილიონი დოლარის გადახდას აპირებს.

შეტყობინების დოკუმენტს გაეცნო სააგენტო Reuters-ი. სააგენტოს მოაქვს ჰუმანიტარული სექტორის ექსპერტთა შეფასება - რომ ეს დადებითი ნაბიჯია მილიარდობით დოლარის ოდენობის ვალის დაფარვის გზაზე.

აშშ-ის ადმინისტრაცია გაეროს მიმართ გამოთქვამდა კრიტიკას, რომ ეს გლობალური ორგანიზაცია საკუთარ პოტენციალს ვერ პასუხობს. აშშ-მა შეწყვიტა გაეროს რამდენიმე სააგენტოს დაფინანსება. თანხის დაგეგმილ გადახდაზე კითხვას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უპასუხა, რომ ნებისმიერი თანხა დამოკიდებული იქნება ორგანიზაციაში რეფორმების გაგრძელებაზე და დასძინა, რომ პარასკევის მონაცემებით აშშ-ს ჯერ არაფერი ჰქონდა გადარიცხული - წერს Reuters-ი.

გაეროს მონაცემებით, აშშ-ს ვალი აქვს ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული საწევრო გადასახადის გამო, და საერთო ანგარიშით ის ოთხ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ვალის ნაწილი უნდა დაბრუნდეს რეგულარული ბიუჯეტის ანგარიშზე, ნაწილი - სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მისი ვალის საერთო მოცულობა გაცილებით ნაკლებია.

გაეროს ქარტიის მე-19-ე მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფო გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლებას კარგავს, თუ ყოველწლიური გადასახადით დაგროვილი მისი ვალი ორ წელიწადს გადააჭარბებს - თუმცა შეღავათების გაწევის პერიოდები დასაშვებია.

გამოცემა The Wall Street Journal-ი 2026 წლის მაისში წერდა, რომ გაეროს ღრმა ფინანსური კრიზისი შეექმნა აშშ-ის და ჩინეთის მხრიდან გადასახადების შეკავების გამო. ეს ორი ქვეყანა გაეროს უმსხვილესი დონორია, მათზე მოდის ორგანიზაციის საბაზო ბიუჯეტის 42 პროცენტამდე. ფინანსების დეფიციტის გამო გაერომ დაიწყო ხარჯების მასშტაბური შეკვეცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG