Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარდიაშვილმა ზარდიაშვილი უკვე ოფიციალურად ჩაანაცვლა „ელექტროსისტემის“ დირექტორის პოსტზე

მარიამ ქვრივიშვილმა „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა და წინა ხელმძღვანელს დაემშვიდობა
მარიამ ქვრივიშვილმა „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა და წინა ხელმძღვანელს დაემშვიდობა

ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე-ს) გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფილი პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი შეცვალა დავით ვარდიაშვილმა.

სავარაუდო ცვლილება, რაზეც მედია, მათ შორის რადიო თავისუფლება, 24-25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვებისა და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელების ფონზე წერდა, ოფიციალურად დადასტურდა.

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სსე-ს თანამშრომლებს დავით ვარდიაშვილი ორშაბათს, 24 აგვისტოს წარუდგინა.
  • ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ფოტოზე ჩანან თავად მინისტრი ქვრივიშვილი და ასევე სსე-ს ძველი და ახალი დირექტორები.

„მინისტრმა ახალ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა, ყოფილ ხელმძღვანელს ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ვკითხულობთ პრესცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა“, - ხაზს უსვამს სამინისტრო.

ვარდიაშვილი ელექტროსისტემაში გენდირექტორის მოადგილედ ავარიების შემდეგ დაინიშნა.

მანამდე ის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ედგა სათავეში.

  • 24-25 ივლისის შემდეგ, მთელი ქვეყნის გათიშვა კვლავ განმეორდა 5 აგვისტოს - ელექტროენერგია ერთბაშად გამოირთო დედაქალაქში და რეგიონებში.
  • სამივე შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი დასახელდა.
  • სემეკის განცხადებით, 24 და 25 ივლისს მომხდარი „ბლექაუთის“ ერთ-ერთი მიზეზი „ენგურჰესი“ იყო.
  • კერძოდ, 4 აგვისტოს ითქვა, რომ შესაძლოა „ადგილი ჰქონდა ძაბვის ავტომატური რეგულირების არასწორ მოქმედებას“.
  • ისევე, როგორც წინა ორ ჯერზე, ოკუპირებული აფხაზეთი 5 აგვისტოსაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ვინ არის ვარდიაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო წერს, რომ ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში:

  • იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი ფინანსურ საკითხებში;
  • მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე.
  • 2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში.
  • 2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
  • მანამდე კი 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG