Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ახალგაზრდა აქტივისტის სასიკვდილო განაჩენს

არღავან ფალაჰი, ირანელი აქტივისტი
არღავან ფალაჰი, ირანელი აქტივისტი

ირანის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პოლიტიკური პატიმრის არღავან ფალაჰის სიკვდილით დასჯას. “ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს” (HRANA) თანახმად, ამ გადაწყვეტილებამ გააძლიერა შეშფოთება პოლიტიკური პატიმრების მიმართ სიკვდილით დასჯის გამოყენების გამო.

24 წლის არღავან ფალაჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი ივლისში გამოუტანა “თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ”, რომელსაც მოსამართლე აბოლყასემ სალავათი ხელმძღვანელობს. ფალაჰის ბრალი წარუდგინეს “ბაღი”-ში, რაც შეიარაღებულ ამბოხებას გულისხმობს. უზენაესი სასამართლო დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას.

ფალაჰი 2025 წლის დასაწყისში დააპატიმრა უშიშროების ძალებმა და ის ევინის ციხეში გადაიყვანეს. არღავან ფალაჰი ევინის ციხის 209-ე და 241-ე საკნებში იმყოფებოდა, რომლებიც ირანის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებთან ასოცირდება.

HRANA, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ფალაჰი დაექვემდებარა იძულების მცდელობას, რომ ეღიარებინა დანაშაული - 2025 წლის იანვარში ირანის ორი მაღალჩინოსანი მოსამართლის მოჰამმა მოღისეჰის და ალი რაზინის მკვლელობაში მონაწილეობა.

უფლებადამცველი ჯგუფი აგრეთვე იუწყება, რომ ირანის ხელისუფლებამ ფალაჰი დაადანაშაულა დისიდენტურ ორგანიზაცია “მოჯაჰედინ-ე ხალქთან” კავშირში.

მანამდე არღავან ფალაჰი დააკავეს 2022 წლის სექტემბერში მიმდინარე საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს, რომელიც პატიმრობაში მყოფი მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. მოგვიანებით ფალაჰის პატიმრობა მიესაჯა.

არღავან ფალაჰის მიმართ სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება, თუ სასამართლო მის მიმართ არ გამოიყენებს შეღავათს, ან რამე სხვა სახის ჩარევას.

“ბაღი”-ში დადანაშაულება ირანის კანონით ნიშნავს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებას, რის გამოც შესაძლებელია სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. ირანის სასამართლოები პოლიტიკური აქტივისტებისა და ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეების მიმართ სულ უფრო ხშირად იყენებენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, “ბაღის” ჩათვლით.

ფალაჰის სასჯელი დადასტურდა ირანში დეკემბერ-იანვარში სიკვდილით დასჯის აღსრულების გამო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთების გამოხატვის ფონზე. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაადოკუმენტირეს საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და პოლიტპატიმრების მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენები და აცხადებენ, რომ არსებობს სიკვდილმისჯილთა მიმართ სასჯელის აღსრულების მყისიერი საფრთხე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის რეჟიმი, რომელიც “მარცხდება”, საპროტესტო აქციების მონაწილეებს უპრეცედენტოდ ხშირად კლავს “მაშინაც კი, როცა ისინი არ აპროტესტებენ”.

“განადგურების პროცესში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკა სამხედროების დიდ ნაწილს ანაზღაურებასაც კი არ უხდის, მომიტინგეებს კი აქამდე არნახული სიხშირით ხოცავს მაშინაც კი, როცა ისინი არ მონაწილეობენ პროტესტში. ეს არის ეპოქალური მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი და ის უნდა შეწყდეს, ახლავე”.

პრეზიდენტი ტრამპი არ აზუსტებს - გულისხმობს მიმდინარე წლის დასაწყისში მომიტინგეების მასობრივად დევნას, თუ ახალ მკვლელობებს.

ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 2025 წლის 28 დეკემბერს და იანვარშიც გაგრძელდა, რასაც ირანის უშიშროების ძალების მხრიდან სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.

მას შემდეგ ირანში სიკვდილით დასაჯეს მომიტინგეები და საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით დაპატიმრებული პირები. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ 19 მარტის შემდეგ ირანმა სიკვდილით დასაჯა მინიმუმ 56 ადამიანი, მათ შორის 27 ანტისამთავრობო აქციებთან კავშირის გამო.

ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 494 ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG