25 აგვისტოს დაიწყო ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრ რიჩარდ გალაჰერის მოსკოვში ვიზიტი.
ვატიკანის საინფორმაციო პორტალ Vatican News-ის ინფორმაციით, ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების, მოსკოვის საპატრიარქოსა და კათოლიკური თემის წარმომადგენლებთან.
სამშაბათს რიჩარდ გალაჰერი შეხვდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გალაჰერს ბოლოს 2021 წელს შეხვდა მოსკოვში. დღეს ვატიკანის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო კრემლის კედელთან უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინების დაწყობის საზეიმო ცერემონიაში. ლავროვმა გალაჰერთან შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა:
“მსურს მადლიერება გამოვხატო წმინდა საყდრის მიმართ საბჭოთა მეომრებისა და იმ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის ხსოვნის პატივისცემის გამო, რომელის ჩვენმა მრავალეროვნულმა ხალხმა გაიღო ნაციმზის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შედეგების ისტორიის ფალსიფიკაციის გახშირებული მცდელობების გამო. რაც მთავარია, ეს ხდება იმ პირობებში, როცა ნეონაციზმი სულ უფრო აშკარად იჩენს თავს ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისკენ, ჩვენი ისტორიის, საკუთარი ხალხის ისტორიის წინააღმდეგ კიევის რეჟიმის წახალისებით“.
ლავროვმა ვატიკანის მიმართ მადლიერება გამოხატა „უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ დაბალანსებული პოზიციის გამო“:
„დავადასტურეთ უკრაინაში კონფლიქტის ფარგლებში არსებული მწვავე ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში ვატიკანის აქტიური ჩართულობის მაღალი შეფასება, აგრეთვე ორმხრივი მზადყოფნა ამ სფეროში, მათ შორის, უკიდურესად მგრძნობიარე „ბავშვების დოსიეზე“ თანამშრომლობის მიმართ“.
Vatican News-ის ცნობით, სამშაბათსვე იმართება რიჩარდ გალაჰერის შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელ, მეტროპოლიტ ანტონთან. ოთხშაბათს არქიეპისკოპოსი გალაჰერი შეხვდება საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვს.
„ვიზიტის განრიგი ადასტურებს, რომ წმინდა საყდარი მოწადინებულია განაგრძოს დიალოგი, გლობალურ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტშიც კი“, - წერია ვატიკანის საინფორმაციო პორტალზე.
რიჩარდ გალაჰერი 27 აგვისტოს მოსკოვში შეხვდება კათოლიკური თემის წარმომადგენლებს.
არქიეპისკოპოსი გალაჰერი მიმდინარე წლის 20 ივლისს კიევსაც სტუმრობდა, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
2021 წლის ნოემბრის ვიზიტის დროს, არქიეპისპკოპოსი გალაჰერი მოსკოვში შეხვდა პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების მაშინდელ უფროს მეტროპოლიტ ილარიონს.
ფორუმი