უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდა.
„ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში, ასევე უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის, გამოვცემ ბრძანებას: თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდეს ილონ მასკი, მეწარმე, ინჟინერი, SpaceX-ისა და Tesla-ს (ამერიკის შეერთებული შტატები) ხელმძღვანელი“, - ნათქვამია ბრძანებაში.
მიმდინარე თვის დასაწყისში, გამოცემა The Atlantic-მა, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის, თანამოაზრეებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი უარს ეუბნება უკრაინას რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენების ნებართვაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მასკი მიიჩნევდა, რომ „შეთანხმების დროა“. მასკს და SpaceX-ს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მიმდინარე წლის თებერვალში, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიერ მიღებულმა ზომებმა, რუსეთის მხრიდან Starlink-ის არასანქცირებული გამოყენების შესაჩერებლად, როგორც ჩანს, „შედეგები გამოიღო“.
მოგვიანებით რუსი ე.წ. სამხედრო კორესპონდენტები იტყობინებოდნენ, რომ რუსული არმია ფრონტზე Starlink-ით ვეღარ სარგებლობდა. ისინი წერდნენ სატელიტური ინტერნეტის მომსახურების მნიშვნელოვანი შეფერხების შესახებ, რაც მოჰყვა უკრაინასა და SpaceX-ს შორის არარეგისტრირებული ტერმინალების დაბლოკვის შესახებ შეთანხმებას.
ფორუმი