ჩეჩნეთის მეთაურის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროსგან მედალი მიიღო „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“.
ადამ კადიროვს 15 წლის ასაკიდან აჯილდოებენ. პირველი ჯილდო მან ყურანის დაწვის საქმეზე გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ნიკიტა ჟურაველის ცემის შემდეგ მიიღო.
ცემის ამსახველი ვიდეო რამზან კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შვილის საქციელით ამაყობს. მომხდარმა საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
მას შემდეგ ადამ კადიროვს 20-ზე მეტი ორდენი, მედალი და საპატიო წოდება აქვს მიღებული, ასევე, მთავრობასა და სამხედრო სამსახურში რამდენიმე თანამდებობა უკავია.
შვილის ახალი მედლის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გაავრცელა. ის ირწმუნება, რომ ჯილდო მის ვაჟს "აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ" „მაღალი დონის ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“ გადასცა.
მედალი მას გადაეცა ძალოვან ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკური სროლის ჩემპიონატის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გუდერმესში გაიმართა, რუსეთის ე.წ. სპეციალური დანიშნულების ძალების სასწავლებელში, სადაც მთელი ქვეყნიდან შეგროვილ იმ დაქირავებულებს წვრთნიან, რომლებსაც უკრაინასთან ომში გასაგზავნად ამზადებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩასული მებრძოლებიც.
წინა ჯილდო ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟმა ორი კვირის წინ მიიღო ძმასთან, ახმატთან ერთად, მათ კურჩალოევის რაიონის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ.
ადამ კადიროვს ჩეჩნეთში რამდენიმე თანამდებობა უკავია: ის ხელმძღვანელობს „სპეცრაზმელთა სასწავლებელს“, მუშაობს მამამისის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანაშემწედ და ასევე რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანია.
ივნისის შუა რიცხვებში მან მეორედ მიიღო „ჩეჩნეთის გმირის“ წოდება. შესაბამის ბრძანებას ხელი კვლავ რამზან კადიროვმა მოაწერა.
მანამდე „გმირის“ წოდება მოზარდმა პირველად 2023 წელს, ჟურაველის ცემისთანავე მიიღო.
დეკემბერში ჩეჩნურმა ოპოზიციურმა მოძრაობა NIYSO-მ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება ადგილობრივ მეწარმეებს ფულს სძალავს, რათა საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს. აქტივისტების მტკიცებით, ჯგუფის უკან ადამ კადიროვი დგას.
ფორუმი