Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების თაობაზე

ისლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის  მოლაპარაკების თაობაზე, 2026 წლის 29 აგვისტო
ისლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების თაობაზე, 2026 წლის 29 აგვისტო

29 აგვისტოს ისლანდიაში იმართება რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე. საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიების ანგარიშები მოწმობს, რომ ამ საკითხზე ისლანდიელთა შეხედულებები თითქმის ნახევარზეა გაყოფილი.

შაბათის რეფერენდუმი პირდაპირ არ მიემართება ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ის ეხება გეგმებს საერთაშორისო დიალოგის შესახებ. ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი პირველად 2009 წელს შეიტანა - 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყო 2010 წელს, თუმცა 2013 წელს პროცესი შეჩერდა.

ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, კრისტრუნ ფროსტადოტირი 2024 წელს აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი ჩატარდებოდა 2027 წელს.

ისლანდიის ფინანსთა და ეკონომიკისა მინისტრის, დადი მაურ კრისტოვერსონის თქმით, "ევროპაში ძალიან სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური გამოწვევები და ეს ისლანდიის წინაშე აყენებს კითხვას, როგორია მისი ადგილი მსოფლიოში". ამ გამოწვევებს შორისაა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, შიში, რომ რუსეთის აგრესია შესაძლოა ევროპაზეც გავრცელდეს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები, რომ გრენლანდიაზე სურს კონტროლის დამყარება.

ისლანდიაში ევროინტეგრაციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ბლოკთან მიერთება გააძლიერებს ეროვნულ ვალუტას, გააჯანსაღებს მაღალი ინფლაციის მქონე ეკონომიკას და ქვეყანას უზრუნველყოფს უსაფრთხოების საერთო, ევროპული სისტემით (ისლანდიას საკუთარი არმია არ ჰყავს). მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ბრიუსელის კონტროლი გავრცელდება ისლანდიის თევზით მდიდარ წყლებზე.

თუ ისლანდიელთა უმრავლესობა მოლაპარაკების განახლებას დაუჭერს მხარს, ეს, შესაძლოა, უკვე 2026 წლის ბოლოს მოხდეს და წელიწადნახევრიდან ორ წლამდე გასტანოს. თუ ბრიუსელი დათანხმდება ისლანდიის ბლოკში გაწევრიანებას, საბოლოო გადაწყვეტილება ასევე რეფერენდუმის გზით იქნება მიღებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG