თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო შჩერბაკოვის გადაწყვეტილებით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული დენის კულანინი გაძევებამდე კვლავ დაკავებული იქნება.
30 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა შსს-ს შუამდგომლობა და დენის კულანინს კვლავ შეუზღუდა თავისუფლება. "მოსამართლემ მიზანშეწონილად ჩათვალა დენის კულანინის დაპატიმრება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება 3 თვის ვადით დაკავების საფუძვლების აღმოფხვრამდე ან მისი გაძევების პროცედურის დასრულებამდე", - აცხადებენ კულანინის ადვოკატები.
კულანინის ადვოკატები მის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობდა არც დენის კულანინის "მიმალვის საფრთხე" და არც მისი პატიმრობაში გაშვების გარემოება, რადგან კულანინი ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებაზე თანახმა იყო.
ადვოკატმა მოსამართლეს სამგზავრო ბილეთიც გადასცა, რომლითაც დენის კულანინი პირველ სექტემბერს მესამე ქვეყანაში უნდა გაფრინდეს. მოსამართლეს ასევე წარუდგინეს კულანინის პასპორტიც.
დენის კულანინი ბოლო ორი დღე შიმშილობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, რადგან მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრებოდა.
კულანინი ქვეყნიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაეძევებინათ.
ამ მუხლის თანახმად, „თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი გაძევება შესაძლებელია სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე“.
თუმცა, როგორც 28 აგვისტოს რადიო თავისუფლებას განუცხადეს შსს-ში, კულანინს „მესამე ქვეყნის არჩევაც შეუძლია“. იმისთვის, რომ მან სასურველი ქვეყანა აირჩიოს, გადაწყვეტილება 48 საათში თავად უნდა მიიღოს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად დენის კულანინს, ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე აქვს უფლება ისარგებლოს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლებით და დატოვოს ქვეყანა, როგორც წარმოშობის ასევე მესამე ქვეყნის მიმართულებით“, - განაცხადეს შსს-ში.
კულანინის დამცველის, ,,უფლებები საქართველოს" ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, დენის კულანინმა შიმშილობაც შეწყვიტა.
ვინ არის დენის კულანინი?
დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით. მიესაჯა 2-წლიანი პატიმრობა.
მან ბრალი სასამართლო განხილვების ეტაპზე აღიარა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბოდიშიც მოიხადა. ამის საფუძველზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
„ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 ადამიანი შეიწყალა.
შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის პროევროპული და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე მსჯავრდებული დემონსტრანტები.
შეწყალებულთა შორის არიან საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი და სიმონ მახარაძე.
ფორუმი