Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიელებმა უარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე, იუწყება მაუწყებელი RUV

Reuters-ის სააგენტო მაუწყებელ RUV-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირში შესვლას და უარყვეს მთავრობის მცდელობა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე.

ისლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა მიემხრო მათ, ვინც აცხადებდა, რომ ისლანდიის სათევზაო წყლები მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო რისკის გასაწევად.

ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის ზოგიერთი ხმა ჯერ კიდევ დასათვლელია, თუმცა არ არის მოსალოდნელი, რომ მათ შედეგი შეცვალონ, განაცხადა RUV-მა.

უარყოფითი პასუხი გულს დაწყვეტს ბრიუსელს, რადგან ზოგიერთი ოფიციალური პირი 400 ათასიანი მოსახლეობის მქონე კუნძულოვან სახელმწიფოს განიხილავდა დაბალი რისკის შემთხვევად. ისლანდიის დადებით პასუხს შეეძლო შეემცირებინა ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიციზმი და სტრატეგიულად გაეძლიერებინა ბლოკი იმ დროს, როდესაც ყურადღების ცენტრშია არქტიკის უსაფრთხოება.

მთავრობა გაწევრიანებას განიხილავდა როგორც სავაჭრო ომებისა და არქტიკის გამო მეტოქეობის წინააღმდეგ დამცავ ფაქტორს. ხოლო პრემიერმინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტირმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ უარყოფითი პასუხი გაწევრიანების საკითხს გვერდზე გადადებდა.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი პირველად 2009 წელს შეიტანა, როდესაც ფინანსურმა კრიზისმა დაარტყა ქვეყნის მცირე, მოწყვლად ეკონომიკას.

ევროსკეპტიკურმა მთავრობამ მოლაპარაკებები ევროკავშირთან 2013 წელს შეწყვიტა.

გეოპოლიტიკურმა არეულობამ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში საომარმა დაპირისპირებებმა და აშშ-ის სავაჭრო ტარიფებმა, გადაუდებელი გახადა საკითხი, რომელზეც ისლანდიელები ათწლეულების განმავლობაში პერიოდულად მსჯელობდნენ.

„დიახ“-ის კამპანიის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბლოკში გაწევრიანება დაეხმარებოდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და მეტ უსაფრთხოებას შესთავაზებდა ქვეყანას უკრაინაში ომითა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკით (დანიის კუთვნილი არქტიკული კუნძულის, გრენლანდიის, ანექსიის შესახებ) შეშფოთებულ მსოფლიოში.
„არა“-ს კამპანიის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნიდა კუნძულის სუვერენიტეტსა და მის მიმდებარე წყლებში თევზრეწვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG