ორშაბათს, 2026 წლის 31 აგვისტოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ:
- გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, - რასაც მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე იკავებდა; ამის შემდეგ ის რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა 27 აგვისტომდე;
- აღარ შეიქმენა მისთვის დაანონსებული პოსტი, - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა;
- ამ პოსტის შექმნას პარლამენტის კენჭისყრა სჭირდებოდა - თუმცა ზაფხულში საკანონმდებლო უწყება ისვენებს. გეგმის თანახმად, მდინარაძეს ამ პოზიციაზე სექტემბრის მეორე კვირიდან უნდა ემუშავა.
თუმცა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ორი სამინისტრო კვლავ ერთიანდება
„ამჟამად ვმსჯელობთ და, სავარაუდოდ, გაერთიანდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 31 აგვისტოს.
ეს ისედაც ერთი სამინისტრო იყო 2025 წლის აპრილამდე:
- როდესაც სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2 აპრილს ვადაზე ადრე გადადგა, განაცხადეს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფოდა;
- ლილუაშვილი უნდა დანიშნულიყო რეგიონული განვითარების მინისტრად, - თუმცა 4 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები“.
- საბოლოოდ, 2025 წლის 23 დეკემბერს, გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს.
ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეა, - თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.
ხოლო რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია ვაკანტურია - მას 27 აგვისტომდე მამუკა მდინარაძე იკავებდა.
„მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარეობდა“
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს პოსტები მამუკა მდინარაძის „პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარეობდა“:
„მაშინვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს, ეს იყო მისი პირადი შესაძლებლობიდან გამომდინარე და ეს ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა, კოორდინაცია ძალიან კარგად არის აწყობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკად წასულიყო, ეს საჭიროება აღარ არის. კიდევ ერთხელ, სწორედ მისი პირადი შესაძლებლობიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა“, - თქვა მან.
პაპუაშვილის თქმითვე, სამთავრობო ცვლილებებზე პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში იმსჯელებს.
მდინარაძის წასვლა ღარიბაშვილის წერილების ფონზე
მამუკა მდინარაძემ, - რომელიც ბოლო დღემდე ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი იყო, - 27 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ის უარყოფს, რომ მისი გადადგომა ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უკავშირდება და კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილისთვის წერილი არ გაუგზავნია. „ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო“, - თქვა მან.
მისი განცხადებით, წინა დღეს, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო იმ დილას - პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს.
„ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ“, - თქვა მდინარაძემ მთავრობაში რეგიონული განვითარების მიმართულებაზე - „რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“.
- მდინარაძის გადადგომას წინ უსწრებდა დაპატიმრებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ციხიდან;
- ის ამბობდა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებითა“ და მამუკა მდინარაძის შუამავლობით, მისგან კორუფციული დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ, - სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლის აღკვეთის მიზნით.
- 24 აგვისტოს ღარიბაშვილს ახალი, 750 000 ლარის ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ფსიქოლოგიური სტრესი“
27 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ მდინარაძეს საჯარო მადლობა გადაუხადა „მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და დამსახურებისთვის გუნდის წინაშე“, შემდეგ კი თქვა:
„მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო, რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩართულნი. არ ვგულისხმობ ფიზიკურ დაღლას, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს, რა თქმა უნდა, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული“.
„და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ“, განაცხადა კობახიძემ და ბოლოს კვლავ დასძინა, რომ მდინარაძის ამ არგუმენტის მოსმენის შემდეგ ეს საკითხი მან და ბიძინა ივანიშვილმა ერთად განიხილეს.
მდინარაძის პოლიტიკური კარიერა
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მამუკა მდინარაძე ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
- 2016 წლის შემდეგ, ის ძირითადად „ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- 2025 წლის 3 სექტემბერს მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
- სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მას პრემიერი სპეციალურ წოდებებს ანიჭებდა - 2026 წლის 20 აპრილისთვის მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა.
ფორუმი