2026 წლის 20 აპრილიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორია. მისთვის ვადამდე წოდების ამაღლების განკარგულებას ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
"მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის N20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს და სტატუსს უმაღლებს.
- 2026 წლის 8 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
- 2026 წლის 9 მარტს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
- 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება მიენიჭა;
- მეორე დღეს, 26 დეკემბერს კი - სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის.
- 2025 წლის 3 სექტემბერს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა, 23 ოქტომბერს კი - უფროსი ლეიტენანტის წოდება.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, იგი ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
2016 წლის შემდეგ, მდინარაძე ძირითადად “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
მდინარაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი სპიკერი იყო ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, "დიპ სტეიტსა" და საქართველოს ომში ჩართვაზე. პარლამენტში გამართულ ბრიფინგებზე ხშირად კამათობდა კრიტიკულ მედიასთან, მწვავედ უპირისპირდებოდა „რადიკალურ ოპოზიციას“.
მდინარაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს დაუპირისპირდა. 2022 წლის ივნისში ის ამბობდა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა ევროპარლამენტარებს სურთ. მას შემდეგ მისი ბრალდებებიც დამძიმდა და ბრალდების ადრესატთა წრეც გაფართოვდა.
პარლამენტში მოხვედრამდე, მამუკა მდინარაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომძიებლად, ადვოკატად, „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარედ, „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტად; 2014 წელს დააფუძნა (ა)აიპი „სამართლის მონიტორინგის ცენტრი", 2015 წელს კი - შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“.
მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩიეს. მანამდე სუსს ხუთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ექვსი წლის ვადით იყო არჩეული.
1 ოქტომბერს მამუკა მდინარაძემ სუსის ახალი უფროსის რანგში პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ პროსახელისუფლებო „იმედს“ მისცა. ინტერვიუს მთავარი ხაზი ოპოზიციური ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილი „მშვიდობიანი დამხობა“ იყო.
ფორუმი