პენიტენციური სამსახური ამ ცნობას უარყოფს.
„პაემანი გაუუქმეს“
ადვოკატმა ლილი გელაშვილმა 31 აგვისტოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილთან მორიგი ვიზიტის წინ, „ტვ პირველს“ განუცხადა:
„მას ჰქონდა შვილებთან დანიშნული პაემანი და ის გაუუქმეს. ეს წინა კვირაში იყო ზუსტად. არ ვიცით, რა იყო მიზეზი“.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს მივმართეთ შეკითხვით, რა გახდა დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების საფუძველი.
რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში
თუმცა პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ პაემანი არც ყოფილა დაგეგმილი და შესაბამისად არც გაუქმებულა.
„ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც არის დახურული ტიპის დაწესებულება. მისი დებულების შესაბამისად, ეკუთვნის წელიწადში 2 ხანგრძლივი პაემანი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.
პრესცენტრის ცნობითვე, მას ორივე პაემანი გამოყენებული აქვს.
- პენიტენციური კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს დახურული ტიპის დაწესებულებაში ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვს, ჰქონდეს „ორი ხანგრძლივი პაემანი“;
- იქვე წერია, რომ „წახალისების ფორმით“ მას შეუძლია ჰქონდეს „წელიწადში ერთი დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
ამ პრაქტიკას ომბუდსმენი აკრიტიკებდა
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2026 წლის მარტში პარლამენტს მიმართა პატიმარი მშობლების შვილებთან „კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებები შესთავაზა.
- მანამდე, 2026 წლის თებერვალში, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პატიმრების დიდ ნაწილს - მათ შორის დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს - არ აქვს გარე სამყაროსთან კავშირის საშუალება;
- მათ მხოლოდ ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან კომუნიკაცია შეუძლიათ; მათ არ აქვთ არც მცირეწლოვან შვილებთან შეხვედრის უფლებაც.
- ეს განცხადება ლევან იოსელიანმა, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.
„ყველაფერი დაკავშირებულია“ - ამბობს ადვოკატი
კითხვაზე, თუ რა შეიძლება ვიზიტის გაუქმების მიზეზი გამხდარიყო, ადვოკატმა ლილი გელაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა:
„შემიძლია კონტრშეკითხვა დავსვა - რა იყო მიზეზი, მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან გათავისუფლება რომ დაიწყეს?! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული“, - თქვა მან.
ლილი გელაშვილმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ქვისლი (ცოლისდის ქმარი) ლევან სანამაშვილი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ლევან სანამაშვილი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
- „არ ვაკეთებთ კომენტარს“, - მოგვწერა პრობაციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა;
- მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ეს „პერსონალური ინფორმაციაა“ და „კონკრეტულ თანამშრომლებზე ინფორმაცია არ გაიცემა“.
ღარიბაშვილის წერილები
ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18, 20 და 25 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“ და განაცხადა, რომ მათს უსაფრთხოებაზე „სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
ის ამბობდა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებითა“ და მამუკა მდინარაძის შუამავლობით, მისგან კორუფციული დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ, - სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლის აღკვეთის მიზნით.
- 24 აგვისტოს ღარიბაშვილს ახალი, 750 000 ლარის ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
- ღარიბაშვილს მდინარაძის წასვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი