Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილო ფედოროვი ვაშინგტონშია თავდაცვითი ტექნოლოგიების საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად

მიხაილო ფედოროვი, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი
მიხაილო ფედოროვი, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი

უკრაინის ყოფილი ვიცეპრემიერი და თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი თავის ამოცანად აცხადებს, საერთაშორისო კაპიტალის ჩართვას უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიების შექმნაში, რომ "უკრაინამ შეძლოს მტრის დამარცხება ყოველ მომდევნო ტექნოლოგიურ ციკლში".

31 აგვისტოდან ფედოროვი ვაშინგტონში იმყოფება სამუშაო ვიზიტით. ის წერს, რომ შეხვდა უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩს უილიამ ტეილორს, რომელიც ახლა „აღმოსავლეთ ევროპის ფონდის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი და „აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის“ რუსეთისა და ევროპის ცენტრის ვიცეპრეზიდენტია. ფედოროვი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ტეილორთან საუბარი შეეხებოდა „ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელოვნურ ინტელექტსა და ინოვაციებს:

„აგრეთვე ვისაუბრეთ იმაზე, რა სჭირდება უკრაინას რუსეთის შესაჩერებლად. ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი არის სახელმწიფოს, მოქალაქეების, ჯარისა და კერძო სექტორის ერთიანობა საერთო მიზნის გარშემო“.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის დაწყებამდე ფედოროვმა დაპოსტა, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები ვენჩურულ ფონდებთან, მეწარმეებთან, ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც შესაძლოა იქცნენ უკრაინის პარტნიორებად ახალ პროექტებში და დაეხმარონ უკრაინის გაძლიერებას. უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი განმარტავს ერთ-ერთ ცენტრალურ ამოცანას:

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფოკუსი იქნება თავდაცვითი ტექნოლოგიების საინვესტიციო ფონდის შექმნა. ეს არ იქნება კლასიკური ვენჩურული ფონდი. ვგეგმავთ არა მხოლოდ ინვესტირებას უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიებში, არამედ ახალი კომპანიების შექმნას ტექნოლოგიების გარშემო, რომლებიც დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე“.

ფედოროვის სიტყვებით, დასაწყისისთვის ყურადღება გამახვილდება სამ ძირითად ტექნოლოგიურ მიმართულებაზე. ესენია:

  • ბრძოლის ველის რობოტიზაცია სამხედრო პერსონალის სიცოცხლის დასაცავად და ფრონტის ყველაზე სახიფათო ადგილებიდან ხალხის გასაყვანა;
  • რეაქტიული გადამტაცი-დრონების წარმოება საჰაერო საფრთხეებთან, მათ შორის „შაჰედებთან“ გასამკლავებლად;
  • იაფი რაკეტების წარმოება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

მიხაილო ფედოროვი ჩამოთვლილი მიმართულებებით პროექტების განხორციელებაში დახმარების მოსაპოვებლად მართავს შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან:

„შემდეგი ნაბიჯია გუნდის ფორმირება, ფონდის გამჭვირვალე მოდელის წარდგენა და პირველი პროექტების გაშვება.

ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო კაპიტალისა და ექსპერტიზის ჩართვა ახალი ტექნოლოგიების შექმნაში, რომ უკრაინამ შეძლოს მტრის დამარცხება ყოველ მომდევნო ტექნოლოგიურ ციკლში“.

უკრაინის ყოფილი ვიცეპრემიერი და თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „უკრაინა უკვე იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ციფრულ სახელმწიფოდ. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, გამოვიყენოთ ეს გამოცდილება ახალი თაობის ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების დასაწყებად, საერთაშორისო ექსპერტიზის, პარტნიორობისა და ინვესტიციების გამოყენებით“.

მიხაილო ფედოროვი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სამხედრო ციფრული ინოვაციების დანერგვაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მან ნახევარ წელიწადს დაჰყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2026 წლის ივლისში მოხსნა, მასსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის შეუთანხმებლობის გამო. ფედოროვის მთავრობიდან გაშვებას უკრაინაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ფედოროვის გათავისუფლებიდან თითქმის ერთ კვირაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოლექსანდრ სირსკიც გაუშვა. მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლების გუნდში დარჩენის არაერთი წინადადება შესთავაზა ფედოროვს, მან კი უარი განაცხადა. თავდაცვის მინისტრომადე ფედოროვი უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG