Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალსა და ტიბეტში წყალდიდობის მსხვერპლმა 1200-ს გადააჭარბა

სკოლის მოსწავლე სანთლით ხელში მიაგებს პატივს წყალდიდობის მსხვერპლთ. ჩენაი, 28 აგვისტო, 2026.
სკოლის მოსწავლე სანთლით ხელში მიაგებს პატივს წყალდიდობის მსხვერპლთ. ჩენაი, 28 აგვისტო, 2026.

გაიზარდა 26 აგვისტოს ნეპალსა და ტიბეტში მომხდარი უეცარი წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ნეპალში სულ მცირე 1204 ადამიანი დაიღუპა, 4200-ზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტიბეტში, ბოლო მონაცემებით, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 541 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაკარგულებს შორის არის ასობით უცხოელი და რიგი ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, აშშ-ისა და მალაიზიის მოქალაქეები.

ნეპალი, 2026 წლის 30 აგვისტო.
ნეპალი, 2026 წლის 30 აგვისტო.

მაშველები ცდილობენ მიაღწიონ ნეპალის მთებში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებამდე, სადაც შესაძლოა ათეულობით მუშა აღმოჩნდა ჩაკეტილი - ზოგ გვირაბში არის ჰაერის მარაგის მქონე კამერები, რასაც შესაძლოა ხელი შეეწყო ადამიანების გადარჩენისთვის. ხელისუფლების განცხადებით, სხვა ადგილებში გადარჩენილების პოვნის შანსი მცირდება.

მაშველი ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბის შესასვლელთან, 2026 წლის 29 აგვისტო.
მაშველი ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბის შესასვლელთან, 2026 წლის 29 აგვისტო.

ადრე ნეპალის ხელისუფლებამ დაიწყო წყალდიდობის ასობით ამოუცნობი მსხვერპლის მასობრივი დაკრძალვა, რომელთა ცხედრებმაც გახრწნა დაიწყო. მანამდე ცხედრებს ფოტოსურათებს უღებენ და დნმ-ის ნიმუშებს იღებენ იმ იმედით, რომ ოჯახები დაკრძალვის შემდეგ შეძლებენ ნათესავების ამოცნობას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კატასტროფა დაიწყო ყინულისა და ქვების მასშტაბური ჩამოშლით ნეპალში, მწვერვალ ლანგტანგ-ლირუნგის ჩრდილოეთ კალთებზე. ზვავი მდინარე ლხენდე-კჰოლაში ჩამოწვა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია მეცნიერებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ წყალდიდობა გამოიწვია „მყინვარების არასტაბილურობამ გლობალური დათბობის გრძელვადიანი შედეგების გამო“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG