Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

ხუთშაბათს ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოაცხადა ქვეყანაში გერმანული გოეთეს ინსტიტუტის სამივე ფილიალის დახურვის შესახებ.

"რა თქმა უნდა, ისინი დაიხურება ჩვენი კულტურული ცენტრის გაძევების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარი თავის პატივისმცემელი ვერ ვიქნებით“, - თქვა ლავროვმა, გერმანიის მთავრობის მიერ ბერლინში რუსული კულტურული ცენტრის (Русский дом-ის „რუსული სახლის“) დახურვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას. გერმანიის ხელისუფლება „განზრახ დგამს ნაბიჯს, რომელიც, მათი აზრით, აშკარად ნიშნავს მათი კულტურული ყოფნის დასასრულს რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა ლავროვმა. მან დაამატა, რომ ეს „კულტურული ყოფნა“ ბოლო წლებში შენარჩუნებული იყო „რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში არსებული ყველა უკრაინული პერიპეტიის მიუხედავად“.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, „გერმანელებს გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში აქვთ“. სინამდვილეში, ინსტიტუტის საკუთარი მონაცემებით, მესამე ფილიალი რუსეთში არა ეკატერინბურგში, არამედ ნოვოსიბირსკში მდებარეობს, აღნიშნავს Deutsche Welle.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა იგორ ჩაიკამ განაცხადა, რომ 2011 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბერლინში "რუსული სახლი" ფუნქციონირებს, ორმხრივია და რუსეთში გოეთეს ცენტრების საქმიანობასაც განსაზღვრავს.

გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში "რუსული სახლისა" და ბონში გერმანიაში არსებული რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულოს დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2026 წლის 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონი აღმოაჩინეს. გერმანელი გამომძიებლების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად აღმოაჩინეს. მოგვიანებით კიდევ ერთი დრონი და დაახლოებით 50 გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.

1 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში მონაწილეობაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეყრდნობა იმ დრონის პარამეტრებისა და გარკვეული კომპონენტების შესწავლას, რომლებიც გამოიყენებოდა სხვა ჰიბრიდულ თავდასხმებში, რომლებზე პასუხისმგებლობაც მოსკოვს ეკისრება. ლაიფციგში დივერსიის დაგეგმვაში ორი ადამიანია ეჭვმიტანილი: ერთი რუსეთისა და ლატვიის მოქალაქეა, მეორე კი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქე, იტყობინება Current Time.

სერგეი ლავროვმა გერმანიის ხელისუფლების დასკვნებს „დაშვება და „ვარაუდი“ უწოდა, რადგან, როგორც მან განაცხადა, ლაიფციგში „რაღაც ჩამოვარდნილი დრონი“ აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს, რომ ის „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული დრონების მსგავსი“ იყო.

გოეთეს ინსტიტუტი გერმანიაში არსებული კულტურული ცენტრია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს, გერმანული ენის სწავლებით. ინსტიტუტი გერმანული კულტურის გაცნობითაა დაკავებული და ხელს უწყობს გერმანიასა და სხვა ქვეყნებს შორის კავშირების დამყარებას. ის რუსეთში 1992 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG