Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა ლაიფციგში დრონით „თავდასხმის“ გამო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს ქვეყანაში რუსეთის უმაღლესი რანგის დიპლომატი დაიბარა, რათა დაეგმო გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმა, რომელსაც უწყებამ „აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლო“ უწოდა — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

დიდი ბრიტანეთის ეს ნაბიჯი მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნების წინა დღის ანალოგიურ ნაბიჯს - რუსეთის ელჩების დაბარებასა და ახალ სანქციებზე მსჯელობას ლაიფციგის ინციდენტის გამო.

საქსონიის უდიდეს ქალაქში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონები ნახეს. გერმანიამ ინციდენტში მოსკოვი დაადანაშაულა.

„დღეს ჩვენ დავიბარეთ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რათა ყველაზე მკაცრი ფორმით დავგმოთ თავდასხმა“, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებაში, რომელშიც ინციდენტს ეწოდა „უახლესი მაგალითი რუსეთის სახელმწიფოს მკაფიო მცდელობების სერიაში, რომლის მიზანიც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაა“.

სპიკერის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გააგრძელებს რუსეთის მტრული საქმიანობის მხილებას ყველა დონეზე“.

რუსეთის საელჩომ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ საქმეთა დროებით რწმუნებულ ვასილი ციგანოვს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური პროტესტი გადასცეს, ხოლო „უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებები... კატეგორიულად იქნა უარყოფილი“.
რუსეთის ბოლო ელჩმა ლონდონში, ანდრეი კელინმა, თანამდებობა დატოვა და ციგანოვი ერთადერთი მაღალი რანგის დიპლომატია, რომელიც საელჩოს ვებგვერდზეა მითითებული.
საელჩომ კიევის მოკავშირეები „კოორდინირებულ პროვოკაციაში“ დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერ ესკალაციას მოჰყვება „სათანადო და საგულდაგულოდ გათვლილი პასუხი“.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის საპასუხო ქმედებებს — ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვასა და ბერლინში კულტურული ცენტრის ხელშეკრულების შეწყვეტას — „შეცდომა, სერიოზული შეცდომა“ უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში გერმანული “გოეთეს ინსტიტუტის” სამივე ფილიალი დაიხურება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG