ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ლიბანის სამხედრო წყარომ აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) ლიბანს დაუბრუნა პირი, რომელიც ისრაელმა „ჰეზბოლასთან“ (ორგანიზაციის სამხედრო ფრთა ტერორისტულადაა შერაცხილი აშშ-ში და ევროკავშირში) საომარი დაპირისპირების დროს დროს შეიპყრო.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხრეთ ლიბანში, ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე დაკავებული ხუთი ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ“, — ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
„მათი დაკითხვის დასრულების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ისინი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, არ ყოფილან ჩაბმულნი ტერორიზმში და არ არსებობს მათი ისრაელში პატიმრობაში დატოვების არანაირი მიზეზი“, — დასძინა მან.
ისრაელთან მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, აგვისტოში, ლიბანმა მოითხოვა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 2024 წლის ომის დაწყების შემდეგ ლიბანის ტერიტორიაზე შეპყრობილ ადამიანთა პირველი ჯგუფის გათავისუფლება, განუცხადა იმ დროს AFP-ს ლიბანელმა ოფიციალურმა პირმა.
ლიბანის ხელისუფლებას ოფიციალურად არ გამოუცხადებია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ისრაელს იმ ომისა და ორ მხარეს შორის შემდგომი, 2026 წლის ომის დროს დააკავა და ტყვეობაში ჰყავს, თუმცა 30-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი სია შეადგინეს მათმა ოჯახებმა და კომიტეტმა, რომელიც მათ საქმეებს ადევნებს თვალს.
ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ხუთი დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მოჰყვა ისრაელისა და ლიბანის ძალისხმევას, მიეგნოთ და დაებრუნებინათ 1980-იან წლებში გატაცებული და მოკლული ლიბანის ებრაული თემის ლიდერთა ცხედრები.
ისრაელის მედიის ცნობით, იმ წლებში შიიტმა მეამბოხეებმა შეიპყრეს და მოკლეს ლიბანის ებრაული თემის რამდენიმე წევრი.
“ჰეზბოლამ” ლიბანი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში 2 მარტს ჩაითრია. ის ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომში ჩაერთო.
ამას მოჰყვა ისრაელის მასშტაბური საჰაერო დარტყმები, არმია ლიბანში
შეიჭრა, და რასაც, ლიბანის ხელისუფლების ცნობით, 4 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის ძალები მოქმედებენ თვითგამოცხადებულ „უსაფრთხოების ზონაში“, რომელიც ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში, საზღვრის გასწვრივ, დაახლოებით 10 კილომეტრზე ვრცელდება.
ფორუმი