კომპიუტერულმა მეკობრეებმა გატეხეს სენატის - ბერლინის ადმინისტრაციის - მონაცემთა ბაზა და გამოსასყიდი მოითხოვეს. გამოსასყიდის მიუღებლობის შემდეგ მათ მოპარული დოკუმენტები საჯაროდ ხელმისაწვდომად განათავსეს. მათგან ნაწილი კონფიდენციალურია.
სულ ქსელში გაჟონა ხუთ ტერაბაიტზე მეტმა ინფორმაციამ - დაახლოებით 1,44 მილიონმა ფაილმა. მათ შორის, წერს Berliner Zeitung-ი, არის დოკუმენტები, რომლებიც აღწერს გერმანიის დედაქალაქის სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურასა და იმ ოფისს, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროებთან ურთიერთქმედებას უწევს კოორდინაციას. ასევე, მიუთითებს Die Zeit-ი, მოპარულია საქალაქო განვითარების, მშენებლობისა და საბინაო მეურნეობის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და კლიმატის დაცვის დეპარტამენტების დოკუმენტები. მონაცემები შეიცავს ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ, გარდა ამისა, სენატის თანამშრომელთა პირად საქმეებსა და ხელფასის უწყისებს.
კიბერშეტევა სენატზე - გერმანიის დედაქალაქის მთავარ მმართველ ორგანოზე - 14 აგვისტოს მოხდა. ჰაკერულმა ჯგუფმა Rhysida-მ სენატს მიმართა მოთხოვნით, გადაერიცხათ მისთვის 30 ბიტკოინი (დაახლოებით ორი მილიონი ევრო) და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემებს გამოაქვეყნებდა. სენატმა განაცხადა, რომ პრინციპულად არ ემორჩილება შანტაჟს და გამოსასყიდს არ გადაიხდის. ჰაკერებმა თავიანტი მუქარა შეასრულეს და 4 სექტემბერს გამოაქვეყნეს მოპარული ინფორმაცია.
საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალურმა სამმართველომ (BSI) განაცხადა, რომ ბოროტმოქმედთა მხრიდან პოლიტიკურ მოტივებზე არა აქვს ეჭვი. უწყების აზრით, ჰაკერებს მხოლოდ გამორჩენის სურვილი ამოძრავებდათ.
საინფორმაციო უსაფრთხოების კონსულტანტმა მანუელ ატუგმა, საინფორმაციო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფ AG Kritis-ის დამფუძნებელმა, Tagesschau-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2023 და 2025 წლებში იგი მიწვეული იყო ექსპერტად ბერლინის შინაგან საქმეთა კომიტეტში და უკვე მაშინ მიუთითა უსაფრთხოების სისტემაში არსებულ აშკარა სისუსტეებზე. მან პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა, სასწრაფოდ გადაეხედათ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებისთვის და გააფრთხილა ისინი, რომ ამის უგულებელყოფას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა. „სწორედ ეს მოხდა ახლა“, შეაჯამა ექსპერტმა.
ფორუმი