Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD-ს დამაჯერებელი გამარჯვების პერსპექტივა აქვს საქსონია-ანჰალტის მხარეში

ულტრამემარჯვენე AfD-ის ლიდერი, ულრიხ ზიგმუნდი და მისი ცოლი, იულია ზიგმუნდი საქსონია-ანჰალტის მხარის საარჩევნო უბანზე, 2026 წლის 6 სექტემბერი
ულტრამემარჯვენე AfD-ის ლიდერი, ულრიხ ზიგმუნდი და მისი ცოლი, იულია ზიგმუნდი საქსონია-ანჰალტის მხარის საარჩევნო უბანზე, 2026 წლის 6 სექტემბერი

გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში 6 სექტემბერს მიმდინარეობს კენჭისყრა, რომელსაც ანალიტიკოსები ყურადღებით ადევნებენ თვალს - რადგან ამ არჩევნებით შესაძლოა ულტრამემარჯვენე ორიენტაციის პარტიამ, "ალტერნატივამ გერმანიისთვის" (AfD) ერთ მხარეში ხელისუფლება მოიპოვოს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად.

35 წლის ლიდერის, ულრიხ ზიგმუნდის პირობებში პარტიას თვეების განმავლობაში ჰქონდა უპირატესობა წინასწარი კვლევების შედეგებში. არის რეალური შესაძლებლობა, რომ AfD ამ მხარეში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს - მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მცირე პარტია ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, რომელიც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად.

სააგენტო Reuters-ის ანალიტიკოსთა თანახმად, კენჭისყრას განიხილავენ საზომად კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობისთვის - რომელიც ცდილობს AfD-ის პოპულარობის შემცირებას, მიგრაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე უფრო მკაცრი პოზიციების დაკავებით.

1,7 მილიონამდე ამომრჩეველს ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათამდე აქვს ხმის მიცემის შესაძლებლობა.

ბოლო კვლევებით, AfD-ის მხარდაჭერა ოდნავ აჭარბებს 40 პროცენტს, ხოლო მერცის ქრისტიან-დემოკრატების მაჩვენებელი 23 პროცენტია.

აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება AfD-ს საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს სხვა, მეინსტრიმული პარტიების ძალისხმევას მისი ძალაუფლების მიღმა დასატოვებლად, AfD-სთან თანამშრომლობაზე უარის თქმით.

აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება მაღალი თამასაა გერმანიის პროპორციული ელექტორალური სისტემისთვის - რომელიც ნაწილობრივ შეიქმნა კოალიციური მთავრობების მხარდასაჭერად და ერთი პარტიის მმართველობის გასართულებლად.

თუ AfD ასეთ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ყველაზე სავარაუდო შედეგი იქნება ქრისტიან-დემოკრატთა ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური მთავრობა.

საქსონია-ანჰალტის არჩევნები AfD-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ფართო მისწრაფებისკენ - სახელმწიფოს მასშტაბით ხელისუფლების მოპოვებისკენ ფედერალური არჩევნებით, რომელიც 2029 წელსაა დანიშნული.

გამარჯვების შემთხვევაში AfD გეგმავს სკოლებში და კულტურულ ინსტიტუციებში "ტრადიციული ღირებულებების" გაძლიერებას, იმიგრანტების მარგინალიზებას და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის სიღრმისეულ რეფორმას.

თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების გარეშე AfD-ს მოქმედება გაუჭირდება. გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ეს პარტია "ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ძალად" ჰყავს გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG