Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მედეა“ - რა გვახსოვს? თამარ კვესიტაძის გამოფენა ვენეციაში

თამარ კვესიტაძის გამოფენა „მედეა, მეხსიერების ფრაგმენტები“ ვენეციაში
თამარ კვესიტაძის გამოფენა „მედეა, მეხსიერების ფრაგმენტები“ ვენეციაში

ვენეციაში, მე-14 საუკუნის ისტორიულ სასახლეში, პალაცო ბრაგადინიში, გახსნილია ქართველი მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის გამოფენა „მედეა, მეხსიერების ფრაგმენტები“, რომელიც კურატორებმა ეკა ენუქიძემ და ერვე მიქაელოფმა წარმოადგინეს.

თამარ კვესიტაძის სტილისთვის დამახასიათებელი კინემატოგრაფიული ხედვა ამ პროექტში თითქოს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ქართველ მოქანდაკეს არა მარტო სტატიკურობა არ უყვარს, ის სიჩუმესაც კი უპირისპირდება. გამოფენა „ხმოვანია“. შავი ზღვის აუზში ჩაწერილი ხმები - გამოფენის „აუდიოფონი“-გახმოვანებული მითის ეფექტს ქმნის.

მედეას ისტორია ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი, მრავალშრიანი ისტორიაა, რომელიც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციებს ექვემდებარება. გამოფენა თითქოს ამ ინტერპრეტაციებში „მოგზაურობის“ საშუალებასაც იძლევა, იმ წინააღმდეგობების გაზიარების საშუალებას, რომლებიც არის მედეას პერსონაჟში.

თამარ კვესიტაძის კინემატოგრაფიული აზროვნება გამოფენის სათაურშიც ჩანს - „მედეა, მეხსიერების ფრაგმენტები“. ესაა ერთგვარი მონტაჟური აწყობა „მეხსიერების ნაკუწებისა“, ამ ნაკუწების კომბინაციები და რეკომბინაციები.

ინტერვიუ თამარ კვესიტაძესთან ვენეციაში
please wait
ინტერვიუ თამარ კვესიტაძესთან ვენეციაში

No media source currently available

0:00 0:07:31 0:00

ვენეცია საუკეთესო ადგილია ასეთი გამოფენისთვის, რადგანაც ისტორიაა, ხსოვნაა, რომელიც, როგორც ამბობენ ხოლმე, „იძირება“, ე.ი. აქ სტატიკური მუდმივ მოძრაობაშია.

თამარ კვესიტაძე ცნობილია თავისი მონუმენტური და კინეტიკური სკულპტურებით (იგი მათ შორის არის ბათუმში განთავსებული „ალი და ნინოს“ ქანდაკების ავტორი). ამ გამოფენისთვის წარმოდგენილი ექსპონატებია:

„ქვეწარმავალი“ - იატაკიდან ჭერამდე გადაჭიმული კინეტიკური სკულპტურა, რომელიც ქალის ტერფების ფრაგმენტებისგან შედგება. ერთგვარი სიმბოლო გადარჩენისა.

„მბრუნავი ქალი“ - ნელა მბრუნავი კინეტიკური ქანდაკება, რომელიც მინიბოჭკოს მასალისგანაა დამზადებული. გამოხატავს დევნილობის, მუდმივი მოძრაობის მდგომარეობას.

კედელზე დაკიდებულია წითელი და ლურჯი ქაღალდები, ნაპრალებით – „დალექილი დროის“ სიმბოლო.

თავად პალაცოს ოდნავ მოშლილი კედლები აქვს, ამიტომ ეს დინამიკური ქანდაკებები ორგანულად ერწყმის.

2007 წელს სწორედ ვენეციის ბიენალეზე შედგა „ალი და ნინოს“ პირველი მოდელის დებიუტი. ნიშანდობლივია, რომ ამ ექსპოზიციის გახსნა დროში დაემთხვა ვენეციის 2026 წლის ბიენალეს და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელზეც გიორგი გვახარიაა აკრედიტებული. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თამარ კვესიტაძეს სწორედ ფესტივალის დღეებში შეხვდა.

ასევე ნახეთ:
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG