Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია, რომ ჩინეთს რუსეთისთვის დრონების წარმოებისთვის განკუთვნილი ტონობით მასალა მიეწოდებინა

ჩინურმა კომპანიამ Jilin Chemical Fiber Group-მა რუსეთში გააგზავნა 46 ტონა პოლიაკრილონიტრილი — მასალა, რომელიც დრონებისთვის ბოჭკოს წარმოებისას გამოიყენება. ამის შესახებ იტყობინებიან Politico და The Telegraph-ი, რომლებიც დოკუმენტებს გაეცნენ. გზავნილი გაფორმებული იყო როგორც სამოქალაქო ტვირთი.

ტვირთის მიმღებად რუსეთში მითითებული იყო კომპანია „ალაბუგა-ვოლოკნო“ — „როსატომის“ შვილობილი საწარმო. იგი მდებარეობს თათრეთში, სპეციალურ ეკონომიკურ ზონა „ალაბუგაში“, სადაც 2023 წლიდან მოიერიშე დრონებს აწარმოებენ „შაჰედის“ ტიპის დრონების ბაზაზე.

2026 წლის დოკუმენტებში პოლიაკრილონიტრილი გატარებული იყო საბაჟო კოდით, რომელიც განკუთვნილია სამოქალაქო დანიშნულების სინთეზური ბოჭკოების ექსპორტისთვის. ვაშინგტონის მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დევიდ ოლბრაიტის შეფასებით, მიღებული მასალიდან შესაძლებელია ნახშირბადის ბოჭკოს დამზადება სულ ცოტა, 1300 უპილოტო საფრენი აპარატისთვის. იგი გამოიყენება, კერძოდ, დრონების ფრთებისა და შიდა კონსტრუქციების, მათ შორის ძრავისა და საწვავის ავზის, გასაძლიერებლად.

მიწოდების შესახებ დოკუმენტები მიიღო უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრმა. Politico-ს მონაცემებით, მათი ნამდვილობა დაადასტურეს უკრაინის ხელისუფლებამ და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა ჩინეთის საკითხებში. მასალები ასევე გადაეცა ბრიტანეთის მთავრობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აღნიშნულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებში შემავალი მონაცემები ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

Politico აღნიშნავს, რომ ჩინურ კომპონენტებს ადრეც პოულობდნენ რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებში, რომლებიც უკრაინაზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენება. გამოცემის მტკიცებით, მოპოვებული დოკუმენტები პირველად მოწმობს ჩინეთიდან ამ ტიპის მასალების პირდაპირ მიწოდებაზე იმ საწარმოსთვის, რომელიც დაკავშირებულია რუსული მოიერიშე დრონების წარმოებასთან.

ჩინეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ ომში მონაწილე არცერთ მხარეს არ აწვდის იარაღს და აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს. ამასთან, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ჩინურ კომპანიებს ადანაშაულებენ რუსეთისთვის ისეთი კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდებაში, რომლებიც შესაძლოა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა გამოიყენოს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG