Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებსაც მოიცავს

საილუსტრაციო ფოტო: Patriot-ის სარაკეტო სისტემა
საილუსტრაციო ფოტო: Patriot-ის სარაკეტო სისტემა

დიდი ბრიტანეთი ზამთრის წინ უკრაინას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის, რუსული დრონების თავდასხმისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ ნათქვამია 8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრის, უეს სტრიტინგის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პაკეტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მათ შორის მიაწვდის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, მსხვილკალიბრიან საარტილერიო ჭურვებს და დრონებს. კონკრეტულად ხაზგასმულია, რომ პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, რომლებსაც კიევი ბოლო დროს ხშირად ითხოვდა.

შეიარაღება უკრაინას PURL-ის მექანიზმის ფარგლებში მიეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უკრაინის მოკავშირეები შეერთებული შტატებისგან შეიძენენ. აღნიშნულია, რომ საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა უკრაინას ზამთრის დადგომამდე უნდა მიეწოდოს.

"მეც და პრემიერ-მინისტრმაც, კიევში ჩვენი პირველი ვიზიტების დროს, ნათლად გავიაზრეთ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ ზამთარს, ვინაიდან პუტინი ემზადება ზამთრის იარაღად გამოსაყენებლად სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე ბარბაროსული თავდასხმების გაგრძელებით“, - განაცხადა ვეს სტრიტინგმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) პირველ შეხვედრას 8 სექტემბერს, რომელიც დისტანციურად გაიმართება.

ეს არის დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლების რიგით 36-ე შეხვედრა. ეს ქვეყნები უკრაინას აწვდიან იარაღს და უწევენ სხვა დახმარებას. ფორმატი 2022 წლიდან არსებობს.

გუშინ იარაღის მიწოდების საკითხი ასევე განიხილეს ბრიუსელში უკრაინა-ნატოს საბჭოს შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 სექტემბერს გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, რუსეთი შეეცდება უკრაინის „გატეხას“ ზამთარში, მის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაძლიერებით.

უკრაინა მოუწოდებს თავის მოკავშირეებს, მიაწოდონ მას რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG