Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილმა „დეზინფორმაციის შემცველი“ უწოდა გაეროში ევროკავშირის ელჩის განცხადებას

შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ლიდერი შალვა პაპუაშვილი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებს, „დეზინფორმაციის შემცველს“ უწოდებს გაეროში ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში „თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებზე“.

„[ეს] განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს...

დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე...“ - დაწერა პაპუაშვილმა ფეისბუკში.

გუშინ, 8 სექტემბერს, გაეროში ევროკავშირის ელჩმა, მიშელ ჩერვონე დ'ურსმა, გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც საუბარი იყო ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშთან დაკავშირებით არაერთ ქვეყანაში არსებულ უფლებრივ ვითარებაზე.

მან საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:

„ევროკავშირი იხსენებს საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოუწოდებს გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლოდროინდელ კანონმდებლობას, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს“;

„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და ოპოზიციის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომებით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG