9 სექტემბერს ბაირამოვმა ბაქოში, „ბაქოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულზე“ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ორი ქვეყნის კომისიები არაერთხელ შეხვდნენ და დაამტკიცეს დოკუმენტები, რომლებიც კომისიების საქმიანობას არეგულირებს.
„ჩრდილოეთიდან სამხრეთით“
მისივე თქმით, საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობა არ შეცვლილა და მისი თანათავმჯდომარეები ვიცე-პრემიერები, შაჰინ მუსტაფაევი და მჰერ გრიგორიანი არიან.
„არსებობს შეთანხმება და გაგება, რომ სამუშაოები დაიწყება საზღვრის ყველაზე რთული, ჩრდილოეთი ნაწილიდან [...] და გადავა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ“, - ციტირებს ბაირამოვს საინფორმაციო სააგენტო APA.
„რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რა თქმა უნდა, ყველა საკითხი განხილული იქნება საჭიროებისამებრ და შესაბამის დროს და მოსალოდნელია, რომ ისინიც მოგვარდება“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- სომხეთსა და აზერბაიჯანს კვლავ არ აქვთ დელიმიტირებული ერთმანეთთან საზღვარი, რომელიც დაახლოებით 1000 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს.
- არ არის დასრულებული ამ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაცია არც საქართველოსთან.
- სომხეთი და საქართველო ამ პროცესის გაგრძელებაზე 2024 წლის შემოდგომაზე შეთანხმდნენ;
- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიხან ჰაჯიზადამ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის 2/3-ის დელიმიტაციაზე ქვეყნებს შორის შეთანხმება მიღწეულია. მისივე თქმით, არ არსებობს სადავო საკითხები, უბრალოდ გარკვეული საკითხები შესათანხმებელია.
- რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციას - ახლადდაწყებული პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე შეჩერდა ტავუშში დაახლოებით 12 კილომეტრის დემარკაციის შემდეგ, რომლის დროსაც სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს ოთხი სოფელი დაუბრუნა.
- სომხური მედია მიუთითებს, რომ ჯერ არ არის გამოცხადებული, როდის დადგება აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული სომხური მიწების ჯერი.
„კონსტიტუციის ცვლილება“
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კვლავ გაიმეორა, რომ სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებაზე ბაქოს პოზიცია უცვლელია - საბოლოო, ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების დადებამდე სომხეთის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს.
მან განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„ამის ნათელი მაგალითია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრები, ასევე შეხვედრები ოფიციალურ პირებს შორის“, - განაცხადა ბაირამოვმა და განაგრძო:
„ვაშინგტონში მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ პროცესის დასასრულებლად სომხეთში ახალი კონსტიტუცია უნდა იქნას მიღებული. მისი მიღების ვადები სომხეთის შიდა საკითხია. არჩევნების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა ახალი განცხადებები, რომ კონსტიტუციის ტექსტი საზოგადოებას წლის ბოლომდე წარედგინება“.
ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანული მხარე პროცესს ადევნებს თვალყურს და ოფიციალური ბაქოს პოზიცია უცვლელი რჩება.
მიმდინარე და დაგეგმილი შეხვედრები
სომხეთის საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრა.
მინისტრები ბოლოს გასულ კვირას შეხვდნენ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის კულუარებში. შეხვედრა გამართეს ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმაც.
8 სექტემბერს ბაქოში იმყოფებოდა აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთში, დევიდ ალენი; ის ბაქოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ერთად შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამადოვს.
ფორუმი