აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოების წინ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5000 დოლარს დაჰპირდა, თუ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ.
ოპონენტებმა ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს.
- 2026 წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული გამოკითხვების უმრავლესობის შედეგებით, წარმატების მეტი შანსი დემოკრატებს აქვთ.
„ტრამპის დივიდენდები“
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 სექტემბერს დალასში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას გამოაცხადა, რომ თუ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ, ქვეყნის თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს 5000 დოლარს გადაუხდის და ერთადერთი შეზღუდვა ის ექნებათ, რომ თანხა აშშ-ში უნდა დახარჯონ.
ტრამპმა თავისი ინიციატივა შეადარა წარმატებული კომპანიების მიერ ინვესტორებისთვის დივიდენდების გადახდას, განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი იქნება მიღწეული ეკონომიკური წარმატების შედეგად, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა გზით აპირებს ამის გაკეთებას და რამდენად კანონიერია.
ამერიკული და დასავლეთის სხვა მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის კონტექსტში მოქალაქეებს ფულის გადახდას დაჰპირდა.
როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობა დაახლოებით 270 მილიონია. „ტრამპის დივიდენდებისთვის“ საჭირო იქნება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი.
ეკონომისტების გაფრთხილებაა, რომ ბაზარზე ამ თანხის შესვლა ინფლაციას გაზრდის.
9 სექტემბერს, დალასში ტრამპის გამოსვლის შემდეგ თეთრ სახლში მედიასაშუალებებს უარი უთხრეს დამატებით კომენტარსა და პრეზიდენტის ინიციატივის დეტალების დაკონკრეტებაზე.
დემოკრატების რეაქცია
დემოკრატებმა ტრამპის დაპირება ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს.
დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის გამოსვლა მიუთითებს რესპუბლიკელების პანიკაზე.
დემოკრატების შეფასებითვე, ტრამპი ცდილობს ყურადღების გადატანას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან და ფასების ზრდიდან, რაც მისმა სატარიფო პოლიტიკამ გამოიწვია.
- აშშ-ის პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გასაცემად კონგრესის თანხმობა სჭირდება.
ფორუმი