Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კინოფესტივალზე ნაჩვენებ ფილმში ისრაელელი მამხილებლები ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლზე ლაპარაკობენ

Palazzo del Cinema ვენეციაში, სადაც კინოფესტივალი იმართება.
Palazzo del Cinema ვენეციაში, სადაც კინოფესტივალი იმართება.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 სექტემბერს წარადგინეს ისრაელელი ავტორების დოკუმენტური ფილმი NAZA, რომლის თანახმად, ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვა რეგულარულად იყო ჩადებული ისრაელის სამხედრო სამიზნეების შერჩევის გადაწყვეტილებებში.

ფილმი NAZA, რომლის რეჟისორებიც ისრაელელი ჟურნალისტები იუვალ აბრაჰამი და რახელ სორი არიან, სათაურს იღებს ისრაელის სამხედრო ტერმინიდან, რაც მოსალოდნელ „თანმდევ მსხვერპლს“ ნიშნავს. ფილმი აგებულია ომში მონაწილე დაზვერვის ოფიცრებისა და ჯარისკაცების ჩვენებებზე.

ერთ-ერთი ოფიცერი ანონიმური ინტერვიუების სერიაში ამბობს, რომ ხდებოდა „მასობრივი მკვლელობა ინდუსტრიული მასშტაბით".

ღაზის ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო კამპანიას 73 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ომი დაიწყო 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ისრაელზე თავდასხმით, რასაც დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა.


ისრაელი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ყველაფერი გააკეთა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რომ ჰამასი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს — რასაც ჰამასი უარყოფს.

აბრაჰამმა Reuters-ს განუცხადა: „ჩვენს ფილმში ხედავთ სამიზნეების შერჩევის სისტემას, რომელიც თავისი სტრუქტურით მიზანმიმართულად უმიზნებს ადამიანებს სამოქალაქო სივრცეებში, ოჯახების სახლებში“, — „ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს 500 NAZA ... მთელი სოფლების ან მთელი უბნების განადგურებით“.

დაზვერვის ოფიცრები აღწერენ “ხელოვნური ინტელექტის” დამხმარე სისტემას, რომელიც სამიზნეების იდენტიფიცირებას ათასობით გატეხილი მობილური ტელეფონიდან შეგროვებული მონაცემებით ახდენდა. ისინი ამბობენ, რომ ბავშვის მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული ფრაზა „მამა სახლშია,“ საკმარისი იყო ხოლმე ავიადარტყმის განსახორციელებლად.

ოფიცრებმა ასევე აღწერეს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ისრაელის მიერ გამოცხადებულ აკრძალულ ზონებში, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების დარიგების ცენტრებთან ახლოს. ამ ზონების ადგილმდებარეობა მცხოვრებთათვის ცნობილი არ ყოფილა, თქვა ერთ-ერთმა ოფიცერმა: „მათ ეს სისხლით უნდა ისწავლონ“.

გაერომ გასულ წელს განაცხადა, რომ 400-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა დახმარების მიღების მცდელობისას. ისრაელმა აღიარა, რომ ჰუმანიტარული დახმარების დარიგების ცენტრებში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ და განაცხადა, რომ ცეცხლის გახსნის წესები შეცვალა.

Reuters-ის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინათ დოკუმენტური ფილმის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუციათ.

აბრაჰამს ეჭვი ეპარება, რომ გარე ზეწოლის გარეშე ისრაელი ვინმეს მისცემს პასუხისგებაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

„იმედი მაქვს, იქნება სამართლიანობა და პასუხისმგებლობა დანაშაულებისთვის. ... ეს დამოკიდებულია ადამიანების პასუხისგებაში მიცემასა და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ნებაზე“, — თქვა მან.

NAZA ერთ-ერთია იმ 21 ფილმიდან, რომლებიც ვენეციის “ოქროს ლომის” ჯილდოსთვის იბრძვიან. ის შაბათს გადაეცემა გამარჯვებულს.

ვენეციის რიგით 83-ე კინოფესტივალზე, რომელიც 2-დან 12 სექტემბრამდე იმართება, ქართველი კინორეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმის, „გურიის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG