Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითლიძე: გვარამიამ მითხრა, 2028 წელს ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო

ნიკა გვარამია ამას უარყოფს და ამბობს, რომ „ამაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება სერიოზულად“.
ნიკა გვარამია ამას უარყოფს და ამბობს, რომ „ამაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება სერიოზულად“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ყოფილმა თანაგუნდელმა, ოპოზიციური პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ 2024 წლის არჩევნების წინ უთხრა: „2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებას“.

ნიკა გვარამიამ ამ განცხადებაზე პასუხად ფეისბუკზე „ურეპუტაციო ქაჯი“ უწოდა ანა წითლიძეს.

„გვარამიამ მითხრა, მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალა და მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო“, - განაცხადა ანა წითლიძემ 10 სექტემბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„გაყიდულია“

ანა წითლიძემ თქვა, რომ მას ნიკა გვარამია „გაყიდული“ ჰგონია და ასე ფიქრობს, რადგან, - წითლიძის სიტყვებითვე, - „ნიკა გვარამია ყველას ეუბნებოდა, რომ ნიკა გილაური ოქროს გასაღებია, ეს კაცი ბიძინასთან შეთანხმებულია და ბიძინა მას უპრობლემოდ გადააბარებს ხელისუფლებას“.

მისივე განცხადებით, გვარამიას „პოლიტიკური წონა შეუქმნა“ მიხეილ სააკაშვილმა: „ციხეში შევიდა გვარამია, სააკაშვილის მზეს ფიცულობდა და ციხიდან რომ გამოვიდა, გახდა სააკაშვილის მაგინებელი და პირველი მტერი. ამიტომ კითხვები არსებობს“, - თქვა მან.

„ქაჯია“

გვარამია ფეისბუკზე მოკლე პოსტით გამოეხმაურა ამ ნათქვამს და ანა წითლიძეს „ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯი“ უწოდა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებს მიმართა: „თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?“

მოგვიანებით, 10 სექტემბერსვე, „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ამაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება სერიოზულად“.

„ამის მთქმელი ადამიანი არ შეიძლება იყოს წონასწორობაში. ასე ვიტყვი, რომ ცუდად არ გამომივიდეს“, - განაცხადა მან.

გვარამიამ ასევე თქვა, რომ არ დაუჯდება დებატებზე ანა წითლიძეს, - „ურეპუტაციო და ნულოვანი წონის პოლიტიკოსს“ - იმის სამტკიცებლად, რომ „40 მილიონი არ აუღია“.

„მიშამ [სააკაშვილმა] იცის, რომ თავად სთხოვდა ნიკა გილაურს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას 2024-ში იმის სანაცვლოდ, რაზეც არის ახლა საუბარი. ოღონდ 40 მილიონი თქვენ ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ რამხელა თანხაა“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მის პარტიას „არასოდეს დაუმალავს, რომ გილაური იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი“, თუმცა „პოლიტიკური თანამდებობებით ვაჭრობის კლასიკა არის საპარლამენტო სიაში ადგილების გაყიდვა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ყოველ არჩევნებზე“.

დაპირისპირება გრძელდება

ბოლო კვირებში ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.

დაპირისპირებული არიან „ნაციონალური მოძრაობა“ - მისი დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერები, - და „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც ნიკა გვარამიას, დაპატიმრებულ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას აერთიანებს.

გვარამია კოორდინირებულად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გირჩის“ (ამჟამად უკვე სახელშეცვლილი პარტიის, „თავისუფალი ხალხის პარტიის“) განცხადებებს მისი პარტიის მიერ ენმ-ის დროინდელი ექსპრემიერისგან, ნიკა გილაურისგან „40 მილიონის აღების“ შესახებ.

10 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუკზე ციხიდან დაპოსტა:

„[გვარამიას პარტიაში ამბობენ], დიახ, ავიღეთ გილაურისგან ფული და დიახ ვაპირებდით მის პრემიერ მინისტრად დანიშვნასო. ჯერ ერთი, ფულის აღება ვინმესგან და შემდეგ ამ ადამიანის პრემიერად დანიშვნა ნიშნავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის გაყიდვას და როდესაც ადამიანი ყიდულობს თანამდებობას, მისი ამოცანა ხდება დახარჯული ფულის ხალხის ხარჯზე ამოღება“.

„ხოლო როცა პოლიტიკური ჯგუფი ამაში მონაწილეობს, ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ერთეულიდან გარდაიქმნება ბიზნეს პროექტად, პოლიტიკური კორუფციის სუბიექტად და არსებობს მანამ სანამ არის ფული“, - დაწერა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG