Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტნის ყოფილი ვიცე-პრემიერის ქვრივის მკვლელობაში ბრალდებულად ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტის ესპანეთში დაბადებული ვაჟი ცნეს

რუსეთის რეგიონის, დაღესტნის ვიცე-პრემიერის, ღაჯი მახაჩევის ქვრივის, ანა კამენევას მკვლელობაში ბრალდებულად 19 წლის ჩეჩენი მანსურ მუტალიბოვი ცნეს. მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

გამოძიების ვერსიით, სწორედ მუტალიბოვი იყო შემსრულებელი მკვლელობისა, რომელიც კამენევას ვაჟმა შეუკვეთა.
დანაშაულის სავარაუდო შემსრულებლის დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ, მისი სახელის გამჟღავნების გარეშე, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა.

ასევე დასახელდა მკვლელობის სავარაუდო მოტივი — კამენევას კონფლიქტი თავის ვაჟთან: სანამ მისი ვაჟი ოჯახის მოსამსახურეს დაელაპარაკა, მისმა ნაცნობმა მეორე სართულზე მდებარე საძინებელში შეაღწია, „მას ტრავმატული იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, ხოლო შემდეგ მსხვერპლს ყელი გამოჭრა“.


მკვლელობაში ბრალდებულის სახელი ტელეკომპანია РЕН ТВ-მ დაასახელა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ახალგაზრდა კაცის მამა „ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი“ მაგომედ მუტალიბოვია, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მოსკოვში გადავიდა და ერთ-ერთ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას შეუერთდა.
„იგი ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერის, აბუმუსლიმ ახმადოვის მარჯვენა ხელად ითვლებოდა და მას რეკეტთან აკავშირებდნენ“, — წერს РЕН ТВ. ფედერალური ტელეარხის ინფორმაციით, დანაშაულის ადგილზე სწორედ უფროსი მუტალიბოვის იარაღი იპოვეს, ხოლო მისი 19 წლის ვაჟი მკვლელობის შემდეგ საზღვარგარეთ მიიმალა.
კამენევას — მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) სახელმწიფო აუდიტის უმაღლესი სკოლის დოცენტის — დაღუპვის შესახებ 26 აგვისტოს გახდა ცნობილი. მისი ცხედარი მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. მოგვიანებით, სასამართლომ მოკლულის 17 წლის ვაჟი, ღაჯი მახაჩევი, დააპატიმრა.
ამასთანავე, იტყობინებოდნენ, რომ მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულის მეგობარია ჩეჩნეთიდან, თუმცა მისი სახელი აქამდე ცნობილი არ იყო. გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ წერდა, რომ თავდაპირველად პოლიციამ ორივე ახალგაზრდა დააკავა, თუმცა მოგვიანებით მეორე ახალგაზრდა მიიმალა. თუ როგორ შეძლო მან ეს — უცნობია.

ანა კამენევა დაღესტნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ღაჯი მახაჩევის ქვრივია. მახაჩევი 2013 წელს მოსკოვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ცნობილია, რომ წყვილს ოთხი საერთო შვილი ჰყავს, მათ შორის ორი ვაჟი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG