Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წარდგა პირი, რომელსაც ბრალად ედება რუსული დაზვერვისთვის დრონების ქარხნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

10 სექტემბერს ლონდონის სასამართლოს წინაშე წარსდგა ბრიტანელი კაცი ბრალდებით, რომ რუსეთის დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და მათზე დივერსიის განხორციელებას სთავაზობდა.

31 წლის ჯოშუა კემიჯს ბრალი ედება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დახმარებასა და დივერსიული აქტის მომზადებაში, მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა GRU Volunter Corps-ს, რომელიც პროკურორების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მიერ კონტროლდება.

უესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში გამოსვლისას, პროკურორმა უორენ სტანიერმა განაცხადა, რომ კემიჯს ბრალი ედება დასავლეთ ინგლისში, თავის საცხოვრებელ სახლთან, სუინდონში მდებარე დრონების ოთხი ქარხნის შესახებ დეტალების მიწოდებასა და დივერსიული აქტის განხორციელების საკუთარი ინიციატივით შეთავაზებაში.

პროკურორების თქმით, მან ასევე მოიძია ინფორმაცია Wi-Fi სიგნალის ჩახშობის მოწყობილობის შესახებ და განახორციელა დაზვერვა.

კემიჯს დანაშაული არ უღიარებია, თუმცა სტანიერმა აღნიშნა, რომ პოლიციაში დაკითხვისას მან კატეგორიულად უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ არანაირი დივერსიის განხორციელება არ ჰქონია განზრახული.

ლონდონში რუსეთის საელჩოს აღნიშნულ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სტანიერმა სასამართლოს განუცხადა, რომ კემიჯს, რომელიც გასულ კვირას სუინდონში ანტიტერორისტულმა პოლიციამ დააკავა, 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში კავშირი ჰქონდა ბრიტანეთის მოქალაქესთან, რომელიც რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო წასული.

„ამ საუბრების არსს გაერთიანებულ სამეფოში მდებარე დრონების მწარმოებელი ქარხნების ადგილმდებარეობის დადგენა და ამ ქარხნებზე დივერსიის განხორციელება შეადგენდა“, — განაცხადა სტანიერმა.

სტანიერის თქმით, სხვა საუბრებმა, რომლებიც კემიჯს თავის ყოფილ პარტნიორთან და (თავისი სამსახურიდან) სანდო კოლეგასთან ჰქონდა, აჩვენა, რომ ამის გაკეთებას მას რუსული დაზვერვის სამსახურები სთხოვდნენ.

კემიჯს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და ლონდონის ოლდ-ბეილის სასამართლოს (Old Bailey Court) წინაშე წარდგება 25 სექტემბერს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG