ეს არის ნაბიჯი, რომელიც, ოპოზიციის შეფასებითა და ფაშინიანის განცხადებების თანახმად, მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული.
რა წერია ახლა კანონში
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ, - ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ უმრავლესობამ, - 2020 წელს მიიღო კანონი „დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის“ შესახებ.
კანონით, რომელიც 2020 წელს მიიღეს, „დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების“ საქმეებზე დაწყებული წარმოების ფარგლებში, ბრალდებულ პირს შეუძლია სახელმწიფოსთან შეთანხმება გააფორმოს.
შეთანხმების ფარგლებში, მას შეუძლია, რომ ქონების შეფასებული ღირებულების 75% სახელმწიფოს გადასცეს - ხოლო დარჩენილი 25% მას უნარჩუნდება.
ქონების ფასი განისაზღვრება პირსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების გაფორმების დროს ქონების საბაზრო ღირებულებით - მთავრობის მიერ ჩატარებული შეფასებით.
„100% და მეტი“
ფაშინიანმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს, - რომელთა წინააღმდეგაც უკანონო ქონების ჩამორთმევის საქმეებია აღძრული, - სახელმწიფოსთვის ქონების დასაბრუნებლად საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს.
„იცით, ხომ? უკანონო ქონების ჩამორთმევის სისტემაში არის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მორიგების შემთხვევაში 25% უნარჩუნდებათ, 75% სახელმწიფოს უბრუნდება“, - განაცხადა მან.
„[მთავრობას] დავავალე, ეს რეგულაცია გაუქმდეს. 25% აღარ დაბრუნდება. ასეთი რამ არ უნდა არსებობდეს. ჩვენ მათ ეს შესაძლებლობა მივეცით, მათ ეს შესაძლებლობა 8 წლის განმავლობაში არ გამოიყენეს. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დარეგულირდეს, სახელმწიფოს 100% უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მეტიც, - ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამიერიდან მსგავს საქმეებზე ბრალდებულებმა უნდა დააბრუნონ არა მხოლოდ ქონების სრული ღირებულება, არამედ ამ თანხაზე დარიცხული პროცენტიც.
კანონპროექტი მომზადებულია
ფაშინიანის განცხადებით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ და მორიგების შესაძლებლობა გაუქმდება.
სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას 11 სექტემბერსვე დაუდასტურა, რომ კანონში ცვლილების პროექტი უკვე მომზადებულია.
სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პროექტი უახლოეს პერიოდში საჯარო განხილვაზე გავა პარლამენტში.
ბრალდებები ოპოზიციონერთა წინააღმდეგ
უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევის შესახებ საქმეები აღძრულია არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, - ძირითადად, პრორუსული ძალების - მიმართ.
მათ შორის არიან სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გაგიკ წარუკიანი, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გაგიკ ხაჩატურიანი.
$15 მილიონი 6 წელიწადში
სომხეთში უკანონო წარმოშობის ქონების ჩამორთმევის შესახებ აღნიშნული კანონის მიღებიდან დღემდე, ბოლო 6 წლის განმავლობაში, სულ 11 საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ „რადიო თავისუფლებას“ 11 სექტემბერს განუცხადა, რომ ამ შეთანხმებების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა 8 უძრავი და 2 მოძრავი ქონება.
ხოლო გაფორმებული შეთანხმებების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 5.5 მილიარდი დრამი - 15 მილიონ დოლარზე მეტი - შეადგინა.
გარდა ამისა, 2026 წლის მარტში გენერალური პროკურორის, ანა ვარდაპეტიანის მიერ წარდგენილი მონაცემებით, სასამართლოებში განსახილველად 166 სარჩელი იყო, რომელთა მოთხოვნის ჯამური ღირებულება 600 მილიარდ დრამს - 1.5 მილიარდ დოლარს - აღემატება.
ფორუმი