Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიიღე ის, რაც გინდოდა“ - 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძე
მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძე

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის საქმეზე დაკავებულ ბიჭს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერი ბუგიანიშვილმა დახურულ სხდომაზე გამოაცხადა, რადგან ბრალდებულიც არასრულწლოვანია (17 წლის).

მისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოთხოვა, ადვოკატებს კი ალტერნატიული შეთავაზება არ ჰქონიათ. მოსამართლემ საქმე დაახლოებით 40 წუთში განიხილა.

„საქმის ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულებრივ ქმედებას, დავეთანხმეთ აღკვეთის ღონისძიებას... ინანიებს, ძალიან განიცდის და არის შოკირებულ მდგომარეობაში“, - უთხრა ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ძიძიგურმა. მისი თქმით, სასჯელის შესამსუბუქებლად არ ხდება სინანულის გამოხატვა.

ბრალდებულს ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით). მუხლი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მას, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, როგორც არასრულწლოვანს, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ სასჯელი 1/4-ით შეუმცირდება.

როგორ დაიწყო კონფლიქტი - პროკურატურის ვერსია

პროკურორი ქეთი სონიძე ამბობს, რომ 10 სექტემბრის გამთენიისას, ლოტკინის დასახლებაში გარდაცვლილი და მისი მეგობრები „სამწვადეში“ დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ბრალდებული და მისი მეგობრები სამწვადეში მყოფ არასრულწლოვნებს არ იცნობდნენ და მათ ერთმანეთი შემთხვევით ნახეს.

„ბრალდებული თავის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაინახა ახალგაზრდები, რომლებიც სამწვადის ტერიტორიაზე აღნიშნავდნენ მეგობრის დაბადების დღეს და აღნიშნულ პირებს სთხოვა სიგარეტი. უპასუხეს, რომ სიგარეტი არ ჰქონდათ - ამან ბრალდებული გააღიზიანა და უთხრა, რომ მათი ტონი არ მოეწონა“.

პროკურორის თქმით, ამის შემდეგ კონფლიქტი განიმუხტა, სამწვადეში შეკრებილმა ახალგაზრდებმა გამვლელები სუფრასთან მიიწვიეს და სადღეგრძელოს დალევა შესთავაზეს:

„ბრალდებული მათ გამოელაპარაკა, სახელები გაცვალეს. ამ დროს ბრალდებულმა შენიშნა დავით ინასარიძე, რომელიც არც კონფლიქტში ერეოდა და არც საუბარში. მან დავითს შენიშვნა მისცა, სადღეგრძელოს დროს რატომ არ ადგა ფეხზე, ეს პირად შეურაცხყოფად ჩათვალა“.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გააღიზიანა 17 წლის დავით ნარიმანიძის პასუხმა, რომ მას ფეხი სტკიოდა და არ შეეძლო დგომა, „რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია. მან უთხრა, ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო და თუკი ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასე მდგარიყო“.

მკვლელობა ამ კომუნიკაციის შემდეგ მოხდა, როცა ბრალდებულმა 17 წლის დავითს „გვერდით გასვლა“ სთხოვა - პროკურორი ამბობს, რომ მათ არავინ გაჰყოლიათ, რადგან კონფლიქტი უკვე მოგვარებული იყო.

„გასვლისთანავე მან დანის გამოყენებით გულის არეში მიაყენა ჭრილობა და 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა“, - პროკურორის მონათხრობით, შელაპარაკებისა და „გარჩევის“ ხმა სამწვადეში მყოფ ახალგაზრდებამდეც მივიდა და მათკენ გაემარნენ, რომელთაგანაც ორი უფრო ადრე მივიდა

„მათ საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ ეჭრია დანა დ.პ.-ს და როგორ ეუბნებოდა ის უკვე დაჭრილს, რომ „მიიღო ის, რაც უნდოდა“ - ანუ საუბარი იყო დანის დარტყმაზე“, - ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 112-ში დარეკვით შეატყობინა პოლიციასა და სასწრაფოს მომხდარის შესახებ, ბრალდებული კი ადგილიდან რამდენიმე წუთით წავიდა შემთხვევის ადგილიდან, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა ბრალის აღიარებით.

ბრალდებულ დ.პ.-ს შესახებ

როგორც პროკურორი ქეთი სონიძე ჟურნალისტებს უთხრა, ბრალდებულ არასრულწლოვან დ.პ.-ს „მრავალფეროვანი“ კრიმინალური გამოცდილება აქვს. ბოლო ერთ თვეში მის წინააღმდეგ სასამართლოს გამოყენებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიებად გირაო, რომელიც არ ჰქონდა გადახდილი.

„მთელი თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა უბნის პოლიციას ჰქონდა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაწყებული ქსელური მარკეტებიდან თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლური სასმელის ქურდობისთვის“, - ამბობს პროკურორი.

ადვოკატი გიორგი ძიძიგური ამბობს, რომ ბრალდებული მე-12 კლასის მოსწავლეა. მან დაადასტურა, რომ დაკავებულს სხვა საქმეზე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძება (გირაო), თუმცა თქვა, რომ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.

მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, დედა კი ემიგრაციაში ჰყავს.

„ფაქტობრივად, ბრალდებული ჩვენთან კომუნიკაციაში არ შემოდის... თავის დროზე იყო ინგლისში სასწავლებლად წასული, თუმცა რატომ არ გააგრძელა სწავლა, არ ვიცი... იზრდებოდა ბებიასთან“, - ამბობს ადვოკატი.

მოკლულის შესახებ

დავით ნარიმანიძე 17 წლის ასაკში „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე“ დანით მოკლეს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში. ის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში მე-10 კლასამდე სწავლობდა.

„იგი გამორჩეული იყო თავისი წესიერებით, კეთილშობილებით, ზრდილობითა და საუკეთესო თვისებებით. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მასწავლებლებსა და მეგობრებს ამ უდიდეს და უმძიმეს დანაკარგს“, - წერს სკოლა.

მასალა განახლდება

ფორუმი

XS
SM
MD
LG