ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი. კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა, სლავჩო დიმიევმა ეს ცნობა ოფიციალურად დაუდასტურა ბულგარეთის სახელმწიფო ტელევიზიას.
საერთო ჯამში ობიექტი მოიცავს 11 საწყობს. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ მათგანში და შემდეგ კიდევ ორ მეზობელ საწყობს მოედო. საბრძოლო მასალებმა დეტონაცია განიცადა, ისმოდა აფეთქებების ხმა. დაცვის ორმა წევრმა ტერიტორიის დატოვება მოასწრო, დაშავებულები არ არიან. უახლოესი დასახლებული პუნქტი მდებარეობს ობიექტიდან კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით, რაიონს მეხანძრეები იცავდნენ.
დაახლოებით ერთი თვის წინ აფეთქებები და ხანძარი იყო EMCO-ს სხვა საწარმოში, სოფელ ბელიცასთან ახლოს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ბულგარეთის პრორუსული ხელისუფლება მაშინ იუწყებოდა, რომ საქმე ეხებოდა შემთხვევითობას და არა დივერსიას და ინციდენტი, "დიდი ალბათობით შიდა" მიზეზებმა გამოიწვია.
თავდაცვის კომპანია EMCO ეკუთვნის ბულგარელ ბიზნესმენს, ემელიან გებრევს. ის, და მისი იარაღის საწარმოები რამდენჯერმე გახდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სავარაუდო ოპერაციების სამიზნე, უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების გამო. კერძოდ, გამოცემა The Insider-ი, Bellingcat-თან და Der Spiegel-თან ერთად იძიებდა 2015 წელს გებრევის მოწამვლის მცდელობას გრუ-ს თანამშრომლების მხრიდან, ასევე აფეთქებებს იმ საბრძოლო მასალების საწყობებზე, რომლებიც, მათ შორის, უკრაინისთვის იყო განკუთვნილი.
აგვისტოს ბოლოს ბრიტანეთში გამომავალი The Telegraph-ი დასავლეთის დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო ევროპის თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე და საამისოდ იყენებს ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს.
ფორუმი