პროცესი 12 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
ყოფილი მაღალჩინოსანი 11 სექტემბერს, საღამოს, საკუთარ სახლში დააკავეს - „სამშობლოს ღალატისა” და “საბოტაჟის” ბრალდებებით - სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლების შესაბამისად.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
დაკავებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურi დაკვეთა და უკანონო გადაწყვეტილებაა.
"არავითარი საფუძველი გია ბარამიძის ბრალდებისა არ არსებობს. საბოტაჟის შემადგენლობას არ იძლევა პროკურატურის მიერ ინტერპრეტირებული განცხადებაც კი. ანუ პროკურატურა როგორც საუბრობს, ესეც კი ჭეშმარიტებად რომ მიიღოს ადამიანმა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა", - უთხრა ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებს სხდომის შემდეგ.
ბექა ბასილაიამ თქვა, რომ საქართველოს ინტერესებს აზიანებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. მათ შორის, მაგალითად მოიყვანა "ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები და აფხაზებსა და ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ" და ასევე "ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ შვიდში საარტილერიო ცეცხლით დავბომბეთ ცხინვალი და ამას მოყვა რუსების შემოსვლა".
„წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ნორმალური საქმიანობისთვის, ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი არის მტკიცებულებები, როგორიც არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმები და აღნიშნული გამოკითხვის ოქმებში დეტალურად არის მითითებული გარემოებები, რომლებიც ასახულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში", - პროკურორმა, თამარ იაკობიძემ, სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გამოკითხულთა შორის არიან "საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენლები".
გამოძიების თანახმად, წაყენებული ბრალდებები 18 ივლისს გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
"გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას", - განაცხადა პროკურატურამ 11 სექტემბერს.
იაგო ხვიჩიას გადაცემაში გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომში ტყვეების გაცვლის საკითხს შეეხო, გაიხსენა, როგორ ჩავიდა სოხუმში ტყვედ ჩავარდნილი ქართველების გამოსახსნელად და თქვა, რომ ტყვეების გაცვლა გაჭირდა, რადგან “ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“.
„რატომ?“ - იკითხა გადაცემის წამყვანმა იაგო ხვიჩიამ.
ბარამიძემ განმარტა, რომ ტყვეებს „ხვრეტდნენ [ჩვენები]“, რადგან როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია".
- ხვიჩია: „იქითა მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?“
- ბარამიძე: „იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“.
მოგვიანებით გიორგი ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა - „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ბარამიძემ საბოლოოდ გარკვევით განმარტა, რომ "აყვანილი ტყვის ან ჩაბარებისთვის მზადმყოფი პირის დახვრეტაზე კი არ იყო საუბარი, არამედ საომარი მოქმედებები ისე მიმდინარეობდა, რომ ტყვის აყვანა არ იგეგმებოდა დასაწყისში, მით უმეტეს ისეთი დანაყოფების მხრიდან, რომელიც თავისი არსით ტერიტორიული თავდაცვის ძალებია".
იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო გიორგი ბარამიძე მწვავედ გააკრიტიკეს ოპოზიციურად განწყობილთა რიგებშიც. თუმცა მწვავე კრიტიკოსებისთვისაც კი წარმოუდგენელია პოლიტიკოსის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება.
ფორუმი