Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრწანისის ტყე-პარკთან მოქალაქეებმა არაბული Eagle Hills-ის პროექტის გაუქმება მოითხოვეს

აქციის მონაწილეებმა კრწანისის ტყე-პარკთან აბრა აღმართეს წარწერით: „მეფე ერეკლე II-ის სახელობის პარკი“
აქციის მონაწილეებმა კრწანისის ტყე-პარკთან აბრა აღმართეს წარწერით: „მეფე ერეკლე II-ის სახელობის პარკი“

მოძრაობამ “ერთი ხალხი - ერთი საქართველო” კრწანისის ტყე-პარკთან საპროტესტო აქცია გამართა. “ქართული მიწა ხალხისაა!” - აქციის მონაწილეები არაბულ დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) დაფუძნებული დეველოპერული კომპანიასთან - Eagle Hills-თან 6.6 მილიარდი აშშ დოლარის პროექტზე საინვესტიციო შეთანხმება 2025 წელს გაფორმდა. მასშტაბური პროექტით გათვალისწინებული კომერციული და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, კრწანისის ტყე-პარკი “თბილისის ფილტვებია” და აქ მშენებლობის ნებართვა არავის უნდა ჰქონდეს.

“არ არის გამჭვირვალე პასუხები იმაზე, თუ ვინ, რას და როგორ აშენებენ. გაგვიხსნეს რაღაც ოფისები რუსთაველზე, მაგრამ არავინ იცის, რა კონტრაქტით, რა ფულით, რეალურად, ვინ არის ინვესტორი, აქ ვინ აკეთებს ფულს და ვინ და ვინ იქნებიან აქ მცხოვრებლები. ეს ყველაფერი სრულიად გაურკვეველია. ისედაც მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს, ქართველი, არაბი რუსი - აქ არ უნდა აშენდეს არაფერი“, - სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ უფროსმა თაობამ მომავალ თაობას უნდა შეუნარჩუნოს “დემოკრატიული და ევროპული მომავალი” და “ჯანმრთელი მომავალი”.

2026 წლის თებერვლის დასაწყისში არაბული კომპანიის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველივე დღეს სრულად გაიყიდა მასშტაბური პროექტის - Tbilisi Waterfront-ის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილი საცხოვრებლები. Eagle Hills-ის ინფორმაციით, პირველი ფაზა 300-ზე მეტ [სხვადასხვა ტიპის] უძრავ ქონებას მოიცავს. ეს არის პრემიუმ კლასის აპარტამენტები, თაუნჰაუსები და ვილები მდინარის ხედებით.

Eagle Hills-ი მაშინ აცხადებდა, რომ წინასწარი წესით გაყიდული ბინების თითქმის 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს.

“ქართული ოცნების” მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ - Eagle Hills -ის საინვესტიციო პროექტით, საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში 11 მილიარდი ლარი შეემატება, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის, 10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში, საშუალოდ 700 მლნ ლარს უტოლდება.

Eagle Hills-თან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გასაიდუმლოებულია. პროექტის პერსპექტივებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG