ამ ცნობას ავრცელებს The Wall Street Journal-ი (WSJ).
17 ივლისს ირანმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა თავდასხმა. ერთ-ერთი დარტყმის სამიზნე გახდა შენობა, რომელშიც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. სამი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ ოთხი დაიჭრა.
WSJ-ის მონაცემებით, თავდასხმა მოხდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში აფრთხილებდა პეკინს, რომ ჩინეთის კომპანიები შესაძლოა ირანს თანამგზავრის სურათებს აწვდიდნენ. მაისში აშშ-მა სანქციები შემოიღო ჩინური კომპანიების - MizarVision-ის, Earth Eye-ისა და Chang Guang-ის წინააღმდეგ.
დარტყმის შემდეგ ირანმა გამოაქვეყნა მაღალი ხარისხის სურათები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ბაზისთვის მიყენებული დაზიანებები. გამოცემის წყაროების თანახმად, ვაშინგტონმა პეკინს გადასცა მასალები, რომლებიც, ამერიკის მხარის თანახმად, მიუთითებდა კავშირზე ირანისთვის მიწოდებულ თანამგზავრის მასალებსა და თავდასხმას შორის. ჩინეთმა ეს ვარაუდები უარყო და მტკიცებულებები მოითხოვა.
WSJ-ის წყაროები არ ასახელებენ კომპანიებს, რომლებიც, მათი მონაცემებით, ირანს სურათებს აწვდიდნენ, და არ ამტკიცებენ, რომ ინფორმაციის გადაცემაში ჩინეთის ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობდა. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლმა, ლიუ ჩანმა ბრალდებებს უწოდა "ბოროტი განზრახვის მქონე" და განაცხადა, რომ პეკინის და თეირანის თანამშრომლობა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას.
WSJ წერს, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებს აშფოთებს ირანის მიერ ჩინური თანამგზავრის სურათების გამოყენების შესაძლებლობა აშშ-ის საზღვაო ძალებზე დასაკვირვებლად. ბოლო დღეებში ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა აშშ-ის სამხედრო ხომალდების მიმართულებით.
პუბლიკაცია გამოქვეყნდა იმ ფონზე, როცა 24 სექტემბერს დაგეგმილია ტრამპის შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან. აშშ-ის პრეზიდენტი პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს პეკინთან კარგი კავშირების შენარჩუნებას და ამიტომ მაღალჩინოსანი პირები ცდილობენ თავი აარიდონ საჯარო დაძაბულობის გამოწვევას, ჩინეთის მიერ ირანისთვის შესაძლო დახმარების საკითხზე - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ფორუმი