Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: „შეუძლებელია“ პუტინი-ზელენსკის შეხვედრა დეკემბერში „დიდი ოცეულის“ სამიტზე

„არსებობს მზადყოფნა, მას მოსკოვში შევხვდეთ“, - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ალტერნატიულ ადგილს
„არსებობს მზადყოფნა, მას მოსკოვში შევხვდეთ“, - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ალტერნატიულ ადგილს

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „შეუძლებელია“, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართოს.

შაბათს, 2026 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე ვლადიმირ პუტინს შეხვდეს.

G20-ის სამიტი 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი. თუმცა კრემლმა ეს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამორიცხა.

„ეს შეუძლებელია“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 12 სექტემბერსვე AFP-ს ნიუ-დელიში, ინდოეთსი „ბრიკსის“ სამიტზე, - და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის მოთხოვნა, რომ შეხვედრა მხოლოდ რუსეთის დედაქალაქში შეიძლება გაიმართოს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ალტერნატიულ ადგილს, პესკოვმა უპასუხა: „არსებობს მზადყოფნა, მას მოსკოვში შევხვდეთ“.

  • ზელენსკი პუტინს ამ დრომდე სთავაზობს პირისპირ შეხვედრას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - მოსკოვისა და კიევის გარდა.
  • კრემლი ამ წინადებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდეს.

12 სექტემბერსვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამორიცხა უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა - იმ შემთხვევაშიც, თუკი პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართება რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

2026 წლის 5-6 სექტემბერს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები - ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი - მოსკოვსა და კიევში იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრები გამართეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ.

კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, განაცხადა, რომ ზამთრამდე ომის დასრულება გარანტირებული არ არის, მაგრამ აშშ ამისთვის პირობების შექმნაზე მუშაობს.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, კრემლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ არის მზად უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი კომპრომისისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG