12-13 სექტემბრის ღამეს, კვირას, უკრაინის უპილოტო აპარატებმა იერიში მიიტანეს თათრეთში მდებარე ნიჟნეკამსკზე. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს მონიტორინგის არხებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ქალაქის მერიის ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ ავტომობილში, რომლის მახლობლადაც აფეთქდა დრონი. კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა.
როგორც Astra წერს, ერთ-ერთი დრონი ჩამოვარდა საცხოვრებელი სახლის მახლობლად. შენობაში ჩამსხვრეულია მინები და ფიქსირდება სხვა დაზიანებებიც.
უკრაინის მონიტორინგის არხები წერენ, რომ უპილოტო აპარატები თავს დაესხნენ ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონას, სადაც მდებარეობს ერთბაშად რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, კერძოდ: „ტანეკო“, „ტაიფ-ნკ“ და „ნიჟნეკამსკნეფტეხიმი“. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ხანძარი. მიყენებული ზარალის შესახებ ხელისუფლებას ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
უკრაინის დრონების კიდევ ერთი სამიზნე გახდა კრასნოდარის მხარეში, ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. საწარმოს დაზიანების ფაქტს ადასტურებს გამოცემა Astra-ს OSINT-ანალიზი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა ხანძრის შესახებ დაუსახელებელ სამრეწველო საწარმოში, ასევე აღნიშნა, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა გაზსადენი და ოთხი კერძო სახლი. დაშავდა ერთი ადამიანი.
ნიჟნეკამსკისა და სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებს იერიში ადრეც მიუტანიათ.
შაბათს ღამით ბელგოროდში დრონი შეეჯახა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს: დაზიანებულია ექვსი ბინა და ეზოში მდგარი ავტომობილები, იუწყება ადგილობრივი გამოცემა „პეპელი“. ნგრევა ფიქსირდება ბელგოროდის ოლქშიც.
ფორუმი