Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ

სოციალ-დემოკრატების საარჩევნო პლაკატი. სტოკჰოლმი, 12 სექტემბერი, 2026.
სოციალ-დემოკრატების საარჩევნო პლაკატი. სტოკჰოლმი, 12 სექტემბერი, 2026.

კვირას, 13 სექტემბერს, შვედეთში გაიმართა რიკსდაგის - ქვეყნის პარლამენტის არჩევნები. საარჩევნო უბნები დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე მუშაობდა. ოფიციალური შედეგები ორშაბათს, 14 სექტემბერს გამოქვეყნდება.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ტელეკომპანია TV4-მა გამოაქვეყნა ეგზიტპოლის შედეგები. ლიდერობენ სოციალ-დემოკრატები - მათ მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 28,4%-მა. მათ მოსდევენ „შვედეთის დემოკრატები“ 18,5%-ით, ხოლო ზომიერები, რომლებიც მანამდე იყვნენ მმართველი ძალა, მესამე ადგილს იკავებენ 17,5%-ით. დანარჩენმა პარტიებმა 10%-ზე ნაკლები მიიღეს.

2022 წლის წინა არჩევნების შემდეგ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რიქსდაგის მმართველ კოალიციაში შედიოდნენ „ზომიერი კოალიციური პარტიის“, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ლიბერალური პარტიის“ წარმომადგენლები. მათ პარტნიორი პარტიის სტატუსით შეუერთდა ულტრამემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“, რომელიც მთავრობის შემადგენლობის მიღმა დარჩა. პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა „ზომიერების“ ლიდერს, ულფ კრისტერსონს.

საპარლამენტო ოპოზიციას „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მემარცხენეები“, „მწვანეები“ და „ცენტრისტული პარტია“ ქმნიდნენ. ისინი ერთად შეადგენენ ე.წ. მემარცხენე ბლოკს. ახლა, თუ ბლოკის წევრებს შიდა უთანხმოება არ შეუშლის ხელს, მმართველ კოალიციას სწორედ ისინი ჩამოაყალიბებენ. ასეთ შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელი გახდება სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი, რომელიც 2021-2022 წლებში უკვე იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში.

არჩევნების წინ პოლიტოლოგების განხილვის მთავარი თემა იყო „შვედეთის დემოკრატების“ პერსპექტივა, რომელთა რეიტინგიც ბოლო წლებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. წლის შუა პერიოდის გამოკითხვებით, შვედეთის თითქმის ყოველი მეხუთე ამომრჩეველი მზად იყო, მათთვის მიეცა ხმა. ეს სხვა პარტიების წინაშე დააყენებს საკითხს მათთან სრულფასოვანი კოალიციის გაფორმებისა და ულტრამემარჯვენეების მთავრობაში შესვლის შესახებ.

„შვედეთის დემოკრატები“ მხარს უჭერენ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას, იმიგრაციის შეზღუდვასა და პოლიციის უფლებამოსილების გაფართოებას დანაშაულთან ბრძოლაში. შვედეთის წამყვანი პოლიტიკური პარტიები ზღუდავენ მათთან თანამშრომლობას და პარტიას ნაციონალიზმში ადანაშაულებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG