უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას. პერსონალური სანქციები შეეხო ზელენსკის ყოფილ პრესმდივანსაც.
უკრაინამ სანქციები აამოქმედა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 20 გემის და სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის ხელშემწყობ რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხთან“ კავშირის მქონე 29 რუსული კომპანიისა და რუსეთის 29 მოქალაქის წინააღმდეგ.
ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის საიტზე 13 სექტემბერს დღის ბოლოს გამოქვეყნდა, რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერისთვის პერსონალური სპეციალური ეკონომიკური სანქციები და სხვა შემზღუდავი ზომები დაუწესდა რუსეთის ცხრა და უკრაინის ერთ მოქალაქეს.
სანქცირებული უკრაინელი პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელია
პერსონალური სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აღკვეთას, სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას და სხვა შეზღუდვებს.
მენდელი და მისი ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან
იულია მენდელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი იყო 2019-2021 წლებში.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მენდელი უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა.
2026 წლის მაისში იულია მენდელმა ამერიკელ კონსერვატორ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა ფულის გათეთრებასა და ნარკოტიკების მოხმარებაში, პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელ ანდრი ერმაკს კი უწოდა ძალიან საშიში ადამიანი, რომელიც მაგიითაა დაკავებული.
მენდელმა ისიც განაცხადა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზე უკრაინის დელეგაცია მზად იყო დასთანხმებოდა ომის შესაწყვეტად რუსეთის ყველა მოთხოვნას. მენდელს არ მოუყვანია არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის სიტყვებს დაადასტურებდა.
სანქციების დაწესების შემდეგ, 13 სექტემბერს ღამით იულია მენდელმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები არაკონსტიტუციურია, ისევე, როგორც ზელენსკის ბევრი სხვა გადაწყვეტილება. ყოფილი პრესმდივნის თანახმად, ზელენსკი სანქციებს იყენებს ყველას წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს მშვიდობას უკრაინაში.
მენდელის მტკიცებით, იცოდა, რომ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს გამო „სახელმწიფო ღალატს“ უმზადებდნენ და ხვდებოდა, რომ შესაძლებელია სანქციები, მაგრამ ეს არ ცვლის მის პოზიციას - „გადასარჩენად უკრაინას სჭირდება მშვიდობა და არა მორიგი დიქტატურა, თუნდაც ეს ზელენსკის დიქტატურა იყოს“.
ფორუმი