Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენერალური პროკურორი ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს დაუპირისპირდა

უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო(ფოტო არქივიდან)
უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო(ფოტო არქივიდან)

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ეჭვმიტანილადაა გამოცხადებული ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი სემენ კრივონოსი.

  • თავად კრავჩენკოს დაწერილი აქვს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რომელიც ოფიციალურად დაკმაყოფილებული არ არის და 14 სექტემბრის მდგომარეობით, გენერალურ პროკურორად რჩება.
  • კრავჩენკომ გენერალური პროკურორის პოსტიდან წასვლის „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ 7 სექტემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოპერაცია „კართაგენის" ფარგლებში, კორუფციის ბრალდებით დააკავეს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი სერჰი კროპივა. საქმე ეხება თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობას

14 სექტემბერს დილით ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კრავჩენკომ განაცხადა, რომ კრივონოსი ეჭვმიტანილია ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში და მას გადადგომისკენ მოუწოდა.

რუსლან კრავჩენკო ირწმუნება, რომ ოპერაცია „კართაგენი“ მიმართული იყო არა მხოლოდ პირადად მის წინააღმდეგ, არამედ მიზნად ისახავდა წვდომის მოპოვებას ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი წარმოების მასალებზე.

პასუხი კრავჩენკოს განცხადებაზე

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს განცხადება შეაფასეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ორგანოებზე „სისტემური შეტევის გაგრძელებად“ და განცხადებად, რომელსაც აქვს „საჯარო და არა პროცესუალური ხასიათი".

ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უარყო კრავჩენკოს მიერ გავრცელებული ცნობა სისხლისსამართლებრივი წარმოების მასალებზე წვდომის შესახებ. ანტიკორუფციული ორგანოების მიერ 14 სექტემბერს გავრცელებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, არასდროს მოუთხოვიათ თავიანთი თანამშრომლების ხელშეუხებლობა.

პრეზიდენტ ზელენსკის რეაქცია

რუსლან კრავჩენკოს ვიდეომიმართვას სწრაფად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს - თანამდებობიდან დათხოვნა“.

ზელენსკის თანახმად, თუ კრავჩენკო ამას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს, შეუძლია, ასე დაუძახოს.

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან კრავჩენკოს გათავისუფლებას.

რას აპირებს პარლამენტი

პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კენჭისყრა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან კრავჩენკოს გასათავისუფლებლად 15 სექტემბერს ჩატარდება.

სად იმყოფება კრავჩენკო

დამოუკიდებელმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ სამართალდამცავ ორგანოებში თავის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 14 სექტემბერს 02:30 საათზე რუსლან კრავჩენკომ სამსახურის ავტომობილით უკრაინის საზღვარი გადაკვეთა მივლინების საბაბით. დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე საზღვარი გადაკვეთა კრავჩენკოს ცოლმა.

დილის ათი საათისთვის კრავჩენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მივლინებით იმყოფება უცხოეთში, სადაც შეხვედრები აქვს დაგეგმილი და აპირებს საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია ანტიკორუფციული ორგანოების სისტემაში „რეალურად“ არსებულ ვითარებაზე, „უკონტროლო გავლენის კონცენტრაციის ნიშნებსა“ და რისკებზე, რომლებსაც მსგავსი პრაქტიკა უქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტს და კანონის უზენაესობას.

რუსლან კრავჩენკოს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაში იმყოფება.








ფორუმი

XS
SM
MD
LG