Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატებს რუსი ოლიგარქის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ვაჟის ქორწილის დაფინანსების გამოძიება სურთ

ფოტო არქივიდან. უმცროსი დონალდ ტრამპი მამის, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. 2025 წლის 20 იანვარი
ფოტო არქივიდან. უმცროსი დონალდ ტრამპი მამის, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. 2025 წლის 20 იანვარი

ამერიკელმა დემოკრატებმა გადაწყვიტეს, გამოიძიონ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟის ქორწილის დაფინანსება კრემლთან დაახლოებული რუსი სპორტული ფუნქციონერის, კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტ უმარ კრემლიოვის მიერ.

  • აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟის, უმცროსი დონალდ ტრამპის ქორწილი 2026 წლის მაისში გაიმართა ბაჰამის ერთ-ერთ კერძო კუნძულზე.

დამოუკიდებელმა პლატფორმა ProPublica-მ, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სავარაუდო შემთხვევებზეც, 14 სექტემბერს გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად, ქორწილი ნაწილობრივ დააფინანსა პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა კრემლიოვმა. მათ შორის 100 ათასი დოლარი გადაიხადა კერძო კუნძულის დასაქირავებლად.

ProPublica-ს ინფორმაციით, კრემლიოვი, რომელმაც უმცროსი დონალდ ტრამპი დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო, მის ქორწილს სხვა რუსი სტუმრების დიდ ჯგუფთან ერთად დაესწრო. მათ შორის იყო რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ლაგუტინი, რომელიც კრემლიოვთან ერთად მანამდე პუტინს თან ახლდა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას.

რას ითხოვს მაღალი რანგის დემოკრატი კონგრესმენი თეთრი სახლისგან

ProPublica-ს მასალის საფუძველზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მაღალი რანგის დემოკრატმა წევრმა რობერტ გარსიამ თეთრი სახლის აპარატის უფროსს მიმართა ოფიციალური წერილით და ითხოვა დოკუმენტები უმცროსი დონალდ ტრამპისა და რუსი ოლიგარქის კავშირების შესახებ.

კონგრესმენი გარსია მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ უმცროსი დონალდ ტრამპი მამას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უწევს კონსულტაციებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თეთრი სახლის პერსონალის საკითხებში, ამიტომ მისი ნებისმიერი უცხოური კავშირი ყურადღების საგანი უნდა იყოს.

პოტენციური კორუფციისა და უცხოური გავლენის გამოსაძიებლად დემოკრატი კონგრესმენი თეთრი სახლის აპარატისგან ითხოვს ყველა დოკუმენტს და მიმოწერას თეთრ სახლსა და უმცროს ტრამპს შორის, რომელიც ეხება უმარ კრემლიოვს და წერილობით პასუხებს შეკითხვებზე, იცოდა თუ არა თეთრმა სახლმა უმცროსი დონალდ ტრამპისა და უმარ კრემლიოვის მეგობრული ურთიერთობების შესახებ, აცნობა თუ არა პრეზიდენტის ვაჟმა თეთრ სახლს, რომ მის ქორწილს ნაწილობრივ დააფინანსებდა უცხოეთის მოქალაქე, აქვს თუ არა უმცროს ტრამპს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე და ა.შ.

ტრამპების პასუხი

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟის წარმომადგენლის ინფორმაციით, კრემლიოვი უმცროსი დონალდ ტრამპის პირადი მეგობარია და მათ არანაირი საქმიანი კავშირები არ აქვთ.

უმცროსი დონალდ ტრამპის ცოლმა, ბეტინა ტრამპმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ უმარმა, რომელიც მათი მეგობარია, დააფინანსა არა უშუალოდ ქორწილი, არამედ მისი შემდგომი წვეულება და ეს საქორწილო საჩუქარი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის უმარი, თუმცა იცის, რომ მას უშუალოდ ქორწილი არ დაუფინანსებია. რაც შეეხება ქორწილის შემდგომ წვეულებას, მას, პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, თავად არ დასწრებია.





ფორუმი

XS
SM
MD
LG