მორიგი საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ. კიევის მთავარი თავშესაფარი მეტროა.
შედეგები
17 სექტემბრის დილის პირველადი მონაცემებით, კიევში დაშავებულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია. 12 დაშავებულიდან ცხრას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
კლიჩკოს ცნობით, კიევის დნეპრის და სოლომიანსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საოფისე შენობა და დანგრეულია საწყობები. ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეფერხებულია წყალმომარაგება.
განახლება: დილის ათი საათისთვის კიევის მერმა ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დრონებით განმეორებითი შეტევის შედეგად კიევის პოდოლსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ შენობაში. კიევის პროკურატურის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სკოლა და ლიცეუმი და ავტოგასამართი სადგური. დაზინდა რკინიგზის ერთ-ერთი სადგურიც.
განახლება: დღის პირველი საათის მონაცემებით, კიევში დაშავებულია 20 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ქალაქ ოდესაში დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ოდესის ერთ-ერთ რაიონში ბინებია დანგრეული 19-სართულიანი სახლის სამ სართულზე.
17 სექტემბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ზოგადი ცნობა, რომ კიევში, ოდესასა და ზაპოროჟიეში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს მეტალურგიული და რადიოელექტრონული მრეწველობის და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ გემებს.
სამრეწველო ობიექტებზე სარაკეტო შეტევა და მათი ნაწილობრივ დანგრევა დაადასტურა ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიკინმა. მის ტელეგრამ-არხზე 17 სექტემბერს დილით გამოქვეყნებულ ცნობაში კონკრეტული საწარმოები დასახელებული არ ყოფილა. სემიკინის ცნობით, დაშავებულია სამი ადამიანი.
დღისით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი საწარმო მეტალურგიული კომბინატი „ზაპოროჟსტალია". მისმა მფლობელმა კომპანია „მეტინვესტმა" განაცხადა, რომ ქარხანას, რომელმაც მუშაობა ჯერ კიდევ 11 აგვისტოს განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად შეაჩერა, რუსეთის ჯარებმა ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს და საინჟინრო და სარკინიგზო ქსელები დააზიანეს. დაშავდა ერთი თანამშრომელი.
განახლება: 17 სექტემბერს დღისით უკრაინის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში დრონით დაარტყა ტანზანიის დროშით მცურავ სატვირთო გემს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. დაიღუპა კაპიტანი. დაიჭრა ეკიპაჟის სამი წევრი.
ფორუმი