აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ(ცენტრალური ბანკი) საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 3,75%-4%-მდე გაზარდა.
აშშ-ში საბანკო სესხი პირველად გაძვირდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ინფლაციის შესაჩერებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია.
რატომ გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა კევინ უორშმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს დანიშნა, 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს, რადგან ინფლაცია დიდი ხანია საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება.
უორშის თანახმად, სარეზერვო სისტემის წინა, ივლისის სხდომის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკა გაიზარდა, თუმცა ინფლაცია არ შენელებულა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა კი გაძლიერდა.
ცენტრალურ ბანკს იმედი აქვს, რომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციის დაბრუნებას მიზნობრივ მაჩვენებელზე, 2%-ზე.
- ბოლო ხუთი წელია აშშ-ში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ბოლო თვეებში კი 4%-ს უახლოვდება.
- აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ინფლაცია გაძლიერდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელსაც შედეგად მოჰყვა საწვავის და სხვა პროდუქტების გაძვირება.
- 2026 წლის სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც.
ტრამპის რეაქცია სესხების გაძვირებაზე
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია.
მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ აშშ კრედიტების მხრივ მსოფლიოში საუკეთესოა და საპროცენტო განაკვეთი 1% ან უფრო ნაკლები უნდა იყოს: „შეამცირეთ საპროცენტო განაკვეთები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სწრაფად!”
- აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა მთავრობისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია.
პროგნოზები
ანალიტიკოსების თანახმად, სავარაუდოა, რომ 2026 წლის ბოლოს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს ისევ გაზრდის, 2027 წელს ის 4%-ს გადააჭარბებს და შემცირება მხოლოდ 2028-2029 წლებში დაიწყება.
რაც შეეხება ინფლაციას, არსებული პროგნოზით, ის მიზნობრივ მაჩვენებელს, 2%-ს დაუბრუნდება 2029 წლისთვის.
ფორუმი