Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის კიევის და ოდესის ოლქებს დაარტყეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 18 სექტემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლის ფოტო
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 18 სექტემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლის ფოტო

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით და დღეს, 18 სექტემბერს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

კიევი და კიევის ოლქი

დილით დრონებით შეტევა იყო კიევის ოლქის ფასტოვის რაიონზე. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხუთივე ერთი ოჯახის წევრია. დანგრეულია ერთი კერძო სახლი და ერთი დაზიანებულია.

მანამდე, 17 სექტემბერს ღამით, დრონებით შეტევა იყო უკრაინის დედაქალაქ კიევის პოდოლსკის რაიონზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დარტყმა იყო არასაცხოვრებელ შენობაზე, დაიჭრა ერთი ადამიანი. რა შენობაა ეს, კლიჩკოს მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ცნობაში მითითებული არ არის.

სხვა რეგიონები

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ჟიტომირის ოლქის კოროსტენის რაიონში, სადაც დარტყმა იყო სამრეწველო პარკზე.

18 სექტემბერს დილით ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგიონში სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა და დაზიანებულია სახლები, საწარმო, საწყობები და რეზერვუარები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში დანგრეული და დამწვარია სავაჭრო კომპლექსი. დაშავდა ერთი ადამიანი.

დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზეც. ქალაქის მერის, არტიომ სემენიხინის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები, გაზგამანაწილებელი ქსელი და რკინიგზა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ დნეპრში დაზიანებულია საწარმოები, დაშავდა ორი ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 18 სექტემბერს დილით გავრცელებული ცნობა ეხებოდა მხოლოდ ოდესის ოლქს.

რუსული მხარის მტკიცებით, ღამის განმავლობაში დრონებით დაარტყეს სამხედრო ტვირთის გადამტან გემს ჩერნომორსკის პორტში და ქალაქ ოდესასთან მდებარე ლოგისტიკის ცენტრს, სადაც ევროპული ქვეყნებისგან მიღებულ სამხედრო დანიშნულების ტვირთს ინახავდნენ.

დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG