თბილისის ოც საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა 55 ბავშვი და ერთი აღმზრდელი. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისის ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს - „ამ ეტაპზე არსებული“ ეს მონაცემები 18 სექტემბერს დილით გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
121-ე საბავშვო ბაღში სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა აცნობა. მისი თქმით, მისი შვილის ჯგუფში ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა.
„გუშინ, საღამოს მშობლებმა საერთო ჩათში ნელ-ნელა დაიწყეს დაწერა, რომ მათ შვილებს მუცელი სტკიოდათ და აღებინებდათ. ჩემს შვილს იგივე სიმპტომები შუაღამისას დაეწყო. გაეღვიძა მუცლის ტკივილით, რასაც მოჰყვა და ამ დრომდე გრძელდება პირღებინება, ფაღარათი. ყოველ კვებას, წყლის მიღებას მოსდევს პირღებინება“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც ბავშვი ბაღში აღარ მიიყვანა.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ამ საბავშვო ბაღის თანამშრომელს, რომელმაც თქვა, რომ კლინიკაში გადაყვანილია ერთი ბავშვი და ერთი თანამშრომელი:
„რამდენიმე ბავშვია სახლში, რომელსაც აქვთ პირღებინება და ფაღარათი ... სასწავლო პროცესი გრძელდება, თუმცა ბავშვების ნაწილი სახლში რჩება... ძალიან მინიმალურად არის ჯგუფი დატვირთული, ორი-სამი ბავშვია“.
14-მდე აღსაზრდელი მიიყვანეს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში.
„ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა, გასტროენტერიტის მოვლენებით გუშინ საღამოდან დღეს დილამდე გრძელდებოდა პაციენტების მომართვიანობა.
ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ გაეწერებიან, მონიტორინგი სჭირდებათ, ელექტროლიტური დისბალანსის შევსება და დაკვირვება“, - უთხრა კლინიკის დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოთხ ბაგა-ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. გამოკითხეს 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები:
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია”.
ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ:
„ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს“.
კონკრეტული პროდუქტი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
- გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შვიდ საჯარო ბაღში „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“ შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი მუშაობას განაგრძობს.
სააგენტოს თანახმად, „თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება“.
4 დღის წინ, 14 სექტემბერს, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს რადიო თავისუფლებამ კითხვა დაუსვა საჯარო სკოლების ხარისხთან დაკავშირებით, მან ისაუბრა დედაქალაქის საჯარო ბაღების გაუმჯობესებულ ხარისხზე.
„მაგალითად, რომ ავიღოთ თბილისის საჯარო საბავშვო ბაღები, იმდენად არის გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი, ამის გამო ბევრი კერძო საბავშვო ბაღი დაიხურა კიდეც - ანუ იმდენად მაღალი ხარისხია საჯარო საბავშვო ბაღებში, რომ ბევრი კერძო ბაღი ვერ უძლებდა კონკურენციას. ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე მასშტაბის გაუმჯობესებას მივაღწიოთ საჯარო სკოლებში ისე, რომ მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებში“.
ფორუმი