ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის სახელით განცხადებას ავრცელებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით.
"ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად", - ნათქვამია ევროკავშირის სახელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ დღეს, 18 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
"ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც, 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია", - ნათქვამი განცხადებაში.
მასში გამოხატულია წუხილი 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, ნათქვამია, რომ ევროკავშირი "მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი - რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით. ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას, უქმნის საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს".
- 2026 წლის 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან გააფორმა შეთანხმება „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ, რომელიც ექსპერტთა ნაწილმა ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია;
- 21 მაისს, შეთანხმების საფუძველზე, შეიცვალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუცია, რითაც მარატ კამბოლოვს, რომელსაც ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება მისცეს;
- 27 მაისს ალან გაგლოევმა კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის „სახელმწიფო მრჩევლად" დანიშნა, 8 ივნისს კი „პარლამენტს“ მისი კანდიდატურა „პრემიერის“ პოსტზე წარუდგინა;
- 16 ივნისს ე.წ. დეპუტატებმა კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს;
- 22 ივნისს მოსკოვში პუტინმა გაგლოევი მიიღო;
- 23 ივნისს გაგლოევი გადადგა, პუტინმა ის საკუთარ მრჩევლად დანიშნა; კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა;
- 13 ივლისს პუტინმა კრემლში კამბოლოვი მიიღო და მას „არჩევნებში“ წარმატება უსურვა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მუშაობის მეშვეობით.
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, "პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ის ქმედება, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას."
"ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. არჩევნები დაგმო
18 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება შეეხებოდა როგორც ოკუპირებული ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე საქართველოს ორ ოკუპირებული რეგიონში - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების მიმდინარეობას.
საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში („სამხრეთ ოსეთში“), 18 სექტემბერს მიმდინარეობს ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.
პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს. გაიხსნა 11 საარჩევნო უბანი.
ოკუპირებულ აფხაზეთში კი დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო "გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს".
ამავე განცხადებაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და "კატეგორიულად დაგმო" რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.
ამასთან უწყებამ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, "სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება".
ვადამდელი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში
საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში („სამხრეთ ოსეთში“), 18 სექტემბერს მიმდინარეობს ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.
"არჩევნები" უკანონოდ არის გამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ე.წ. არჩევნებში მონაწილეობენ:
- მარატ კამბოლოვი - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წარდგენილია ორი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ანატოლი ბიბილოვის პარტიების („ნიხასი“ და „ერთიანი ოსეთი“), ასევე „კომუნისტური პარტიის“ მიერ;
- მურატ ვალიევი - „სახელმწიფო დაცვის“ მოქმედი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ;
- ზურაბ კოკოევი - ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო მერი, წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ, რომელსაც 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
- ყაზბეკ კოდოევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში „პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგა ალან გაგლოევი და მუშაობა პუტინის ადმინისტრაციაში გააგრძელა.
რუსეთმა ცხინვალის რეგიონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის შემდეგ. ამ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკას, საიდანაც 30 ათასამდე ადამიანია დევნილი და ბევრი სოფელი განადგურებულია, მთლიანად რუსეთი მართავს და აკონტროლებს.
ფორუმი