ეს მონაცემი მოაქვს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტს 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში. რეალური რიცხვი შესაძლოა ბევრად დიდი იყოს, რადგან სადამკვირვებლო ჯგუფის წევრებს კონტაქტი ჰქონდათ მხოლოდ იმ დაზარალებულებთან, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი გამოცდილება მოეყოლათ, და მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.
სექსუალურ ძალადობაში ნაგულისხმევია როგორც უშუალოდ გაუპატიურების დანაშაული, ისე სექსუალური შინაარსის სხვა ძალადობრივი ქმედებები - იძულებითი გაშიშვლება, ცემა და წამება გენიტალიების არეალში, გაუპატიურების მცდელობა და მისით დამუქრება.
სექსუალიზებული ძალადობის აღრიცხული შემთხვევებიდან 89 პროცენტი ჩაიდინეს რუსეთის სამხედროებმა და ძალოვანი უწყებების - ეფესბესა და სასჯელაღსრულების სისტემის - წარმომადგენლებმა. 11 პროცენტი მოდის უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებზე, უსაფრთხოების სამსახურის და პენიცენციური სისტემის თანამშრომლებზე. ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და სამხედრო ტყვეებიც. სადამკვირვებლო ჯგუფი ესაუბრა როგორც რუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში იყვნენ დატყვევებულნი, ისე უკრაინის ყოფილ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. რუსეთის ხელისუფლებამ გაეროს წარმომადგენლებს არ მისცა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლის უფლება.
ძალადობის მსხვერპლთა თითქმის სამი მეოთხედი კაცებია. მათი უმრავლესობა ძალადობას დაექვემდებარა ტყვეობის, ან იძულებითი დაკავების ადგილებში. ქალები და გოგონები უმრავლესობას წარმოადგენენ მსხვერპლის იმ ჯგუფში, რომელმაც ძალადობა სხვა პირობებში განიცადა - არა პატიმრობაში ან ტყვეობაში. მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 82 წლის იყო, ყველაზე პატარა - ოთხი წლის. სამ ქალს გაუპატიურების შედეგად ბავშვები შეეძინა.
ფორუმი